თურქეთის დედაქალაქში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელები, სადაც ათობით ავტომობილია ჩარჩენილი. მთავარი ავტომაგისტრალები მდინარეებად გადაიქცა, მოვარდნილმა წყალმა ავტომობილები გაიტაცა. მიწისქვეშა გადასასვლელებში ჩარჩენილი მძღოლები უსაფრთხო ადგილას მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლებმა გაიყვანეს.
ძლიერმა წვიმამ თურქეთის სავაჭრო პალატის დაგეგმილი ღონისძიება ჩაშალა. ღონისძიების დაწყების წინ სტიქიის შედეგად სპეციალურად მომზადებული ტრიბუნა ჩაინგრა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცის არ ვრცელდება.
წყალდიდობაა იტალიაშიც. დატბორილია ქალაქ კარბონიას ქუჩები. სარდინიის სამხრეთით მდებარე ამ ქალაქში წყალდიდობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
რამდენიმე დღის წინ ემილია-რომანიას რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ტერიტორიების დასახმარებლად იტალიის მთავრობამ 2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების გადაუდებელი დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ძლიერი წყალდიდობიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ 23 ათასი ადამიანი ისევ უსახლკაროდ რჩება და ზოგიერთი ქალაქი კვლავ დატბორილია.