ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში - პრემიერი

30 მაისი 2023, 11:40 689 ნახვა

ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პანელის ერთ-ერთმა მონაწილემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კითხვით მიმართა, რომელიც საქართველოში პოლარიზაციის დასრულებას შეეხებოდა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოში პოლარიზაციას დაასრულებს კანდიდატის სტატუსის მიღება.

"თუ გვინდა, თავიდან ავიცილოთ შემდეგ GLOBSEC-ის სამიტზე მსგავსი კითხვები და მსგავსი პოლარიზაცია, მოგვანიჭეთ მაშინ სტატუსი. სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა იყო დაუსაბუთებელი არამიზანშეწონილი ნაბიჯი. რა გზავნილია რუსეთისთვის ეს? ევროპა ტოვებს საქართველოს, რომელიც მოლდოვას და უკრაინას 2-3-ჯერ ჯობს. თუ დამსახურებაზეა საუბარი საქართველოსთვის, მუშაობის საფუძველზე, უნდა მიენიჭებინათ.

„საქართველო იყო და კვლავ არის 2-3-ჯერ წინ ვიდრე ის ორი ქვეყანა. ეს შეკითხვა, რატომ არ მისცეს სტატუსი საქართველოს, სჯობს დაუსვათ ევროპელ კოლეგებს. არც არგუმენტები, არც განმარტება არ გაგვაჩნია. მოლდოვასა და უკრაინასაც მისცეს 12 რეკომენდაცია, მაგრამ სტატუსი წინასწარ მიანიჭეს. ეს არის განსხვავება. ამიტომ არ გვესმის, რატომ. ჩვენ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ უკრაინა ომშიაო. ჩვენც ვიყავით ომში 2008 წელს. 20% კვლავ არის ოკუპირებული. ამიტომ სად არის განსხვავება? მოლდოვა ცუდ სიტუაციაში არისო. რაციონალური ნიშანი აქ არ არის. საქართველო თუ ვერ მიიღებს ამ სტატუსს წლის ბოლომდე ეს იქნება უდიდესი შეცდომა. თუ ასე მოხდება, საქართველო გააგრძელებს წინსვლას ყველა რეფორმით, განვითარებითა და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ გეოპოლიტიკურად რთულ გარემოში კანდიდატის სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის, რომელიც არის ამ ასოცირების ტრიოში ნომერი პირველი, იქნება უდიდესი შეცდომა “, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ივნისისთვის ყველა ევრორეკომენდაციის შესრულება დასრულებული იქნება, გარდა ერთისა - დეპოლარიზაციის რეკომენდაციისა.

"როდესაც საქართველოს ევროკომისიამ შესასრულებელი რეკომენდაციების ჩამონათვალი მისცა, ჩვენ მყისვე ჩავერთეთ ამ პროცესში. ივნისისთვის ყველაფერი დასრულებული იქნება, ერთი რეკომენდაციის, დეპოლარიზაციის გარდა. დეოლიგარქიზაციის საკითხზე, ჩვენ გამოცდილება უკრაინიდან მივიღეთ, მათ ეს კანონი დაახლოებით ორი წლის წინ მიიღეს და სხვა ქვეყანას ამ მიმართულებით გამოცდილება არ აქვს. კანონპროექტი გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, მათგან მოსაზრებები მივიღეთ და მიმაჩნია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. მიუხედავად ამისა, ჩვენ გარკვეული კრიტიკაც მოვისმინეთ, რომ საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი, თუმცა ვერ ვხვდები რატომ აღარ გვჭირდება, თუ წინა წლებში გვჭირდებოდა?! რეალურად, როგორც კი მივიღებთ ამ კანონს, ყველაფერი გარკვევა და მოვხსნით მისტიკას ამ ბრალდებებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთის, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით ამ საკითხის ირგვლივ ყველა ბრალდება და მისტიკა მოიხსნება. ბრატისლავაში გლობსეკის უსაფრთხოების კონფერენციაზე წამყვანი დაინტერესდა, რატომ ფიქრობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ოლიგარქია, რადგან მას გაუჩნდა ასოციაცია, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე საუბრობდა.

„ასე მოიხსენიებენ კეზერაშვილს და არ არის სწორი? როგორც კი მივიღებთ ამ კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ ყველაფერი იქნება გარკვეული და მისტიკას მოვხსნით ამ საკითხს და ბრალდებებს. უსაფუძვლოა, არგუმენტების გარეშეა ეს ბრალდებები. რადგან იკითხეთ დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის საკითხი, ძალიან ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა აქვს განხორციელებული. ადამიანი, რომელმაც ეს ცვლილება მოახდინა ქვეყანაში 2012 წელს, რომელმაც შეცვალა ბრუტალური, დიქტატორული რეჟიმი სააკაშვილის. სააკაშვილის პერიოდში არ არსებობდა დემოკრატიის ნიშანი, ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ციხეებში კლავდნენ, ქუჩებში კლავდნენ. 300 ათასზე მეტი ადამიანი იყო გასამართლებული. არ იყო არც თავისუფალი მედია, არც რეალური სამართალი, არც კანონის უზენაესობა. ჩვენ დრამატული ცვლილებები მოვახდინეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში და ეს ცვლილება იყო დრამატული. დღე და ღამე რომ განსხვავდება, ისეთი განსხვავებაა ახლანდელ სიტუაციას და ყოფილი ხელისუფლების დროინდელს შორის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი