საქართველოს არ აქვს სანქციები ინდივიდუალურად დაწესებული, თუმცა ვუზრუნველყოფთ, რომ ჩვენი გამოყენებით არ მოხდეს პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა - ხუციშვილი

22 მაისი 2023, 16:42 653 ნახვა

საქართველოს არ აქვს ინდივიდუალურად სანქციები დაწესებული, თუმცა, საქართველო უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს გვერდის ავლა საქართველოს გამოყენებით ნებისმიერი ჩვენი პარტნიორის მიერ დაწესებული სანქციებს, საქართველო იცავს საფინანსო სექტორში დაწესებულ სანქციებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ასევე საქართველო იცავს სანქციებს, რომელიც ეხება სავაჭრო ურთიერთობებს.

„სავაჭრო ოპერაციებთან მიმართებაში რეგულატორი ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური და მისი საბაჟო დეპარტამენტის მეშვეობით ახდენს სავაჭრო ურთიერთობებთან მიმართებაში სანქციების აღსრულებას. აქ არის კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული სანქციები და ამ კონკრეტულ სანქციებთან შესაბამისობა. თუ კომპანია, ბორტი ან თვითმფრინავი, რომელიც არის სანქცირებული, ვერ იქნება საქართველოში წარმოდგენილი. ამის განუხრელად დაცვით ხდება აღნიშნული ავიამიმოსვლა მიმდინარე ეტაპზე.

როდესაც ვსაუბრობთ, რომ რომელიმე კომპანია არის დასანქცირებული ან რომელიმეს თვითმფრინავი არის დასანქცირებული, ან ვიღაც არის დასანქცირებული, უნდა იცოდეთ, როგორც ევროკავშირის, ასევე სხვადასხვა უწყებების მიერ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში და ძალიან ნათლად არის ჩამოთვლილი, რა არის სანქცირებული და რა ითვლება სანქციების დარღვევად. ის, რომ გარკვეულწილად სანქცია არის დაწესებული ანუ სანქციებში მოხვდა რომელიმე კომპანია ან რაღაც კატეგორია მისი ოპერაციების, ეს იმას არ ნიშნავს რომ სრულად შეიძლება იყოს აკრძალული სანქციებთან მიმართებაში ამ კომპანიის თუ პირის ოპერირება. შესაბამისად, იგივე კომპანიები არსებობს, რომელშიც ინვესტირება არის აკრძალული. კომპანიები არსებობს, რომელთან ტვირთის შეძენა არის აკრძალული. მნიშვნელოვანია ის, რომ მარტო არ გავიგოთ სიტყვა სანქცია და რას გულისხმობს ამ სანქციის უკან. საქართველო ასრულებს სანქციებს, რომ არ მოხდეს გვერდის ავლა საქართველოს გავლით. ეს არის მკაფიო ტექსტი რაც შეესაბამება იმ რეალობას, რა რეალობაშიც არის ქვეყანა“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ვიდრე ქვეყნის 20% ოკუპირებულია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის განხილვა დღის წესრიგშიც კი ვერ დადგებოდა.

ამით მინისტრმა უპასუხა კითხვას, განიხილება თუ არა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

„ბუნებრივია, მანამ სანამ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ამ საკითხის [რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა] განხილვა დღის წესრიგშიც ვერ დადგებოდა, შესაბამისად, ეს შეკითხვა არ არის რელევანტური დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე“, - განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში