როდესაც აწესებ სანქციებს, მოსალოდნელია, რომ იქნება საპასუხო ზომები, რაც ნიშნავს, რომ საფრთხე შეექმნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას - შალვა პაპუაშვილი

22 მაისი 2023, 13:10 779 ნახვა

ნებისმიერი ქმედება, რაც შეეხება ვიზის შემოღებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, არის სანქცია, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანა მიდის ესკალაციაზე რუსეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი მიმართ სანქციების დაწესების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ იქნება საპასუხო ზომები, რაც საბოლოო ჯამში საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.

„სინამდვილეში, ეს საკითხი უკვე რამდენჯერმეა განხილული. გახსოვთ, შარშან მარტში ოპოზიციის მხრიდან იყო დასმული ეს საკითხი, რომ ჩაკეტილიყო საზღვარი, საჰაერო სივრცე, შემოღებული ყოფილიყო ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის, რამდენჯერმე წამოწიეს ეს თემა. ყოველ ჯერზე ეს თემა იქნა განხილული, საზოგადოებამ ამას პასუხი გასცა. რაც მთავარია, თავად ოპოზიციამ საბოლოო ჯამში აღიარა, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. რატომ? ნებისმიერი ასეთი ქმედება, რაც შეეხება ვიზის შემოღებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, ასე შემდეგ, არის სანქცია, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანა მიდის ესკალაციაზე რუსეთთან. ესკალაცია თავის მხრივ გულისხმობს, რომ შევდივართ ისეთ სპირალში, რომლის შედეგების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. შესაბამისად, ამის საპირისპიროდ როდესაც აწესებ სანქციებს, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ იქნება კონტრსანქციები, მოსალოდნელია, რომ იქნება საპასუხო ზომები, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ საფრთხე შეექმნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას...

 

ყველას შევახსენოთ, რომ რუსეთის ჯარი იმყოფება დედაქალაქიდან 30 კილომეტრში და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკვშირებელი მთავარი ავტობანიდან 500 მეტრში. ეს არის უდიდესი სამხედრო რისკი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. გარდა ამისა, იცით, რომ ასევე დიდია საფრთხე, რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან გადავიდეს ანექსიის პოლიტიკამდე. ასე რომ, ისინი, ვინც გვთავაზობენ ვიზის დაწესებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას და ასე შემდეგ, ანუ ვინც გვთავაზობენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, სინამდვილეში გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ და შევიდეთ ესკალაციაში რუსეთთან, შესაბამისად, შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან. მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვინც გვეუბნებიან, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ რუსეთის მიმართ, არავინ არ გვაძლევს უსაფრთხოების და არც ეკონომიკური დაცულობის გარანტიებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი „ქართული ოცნების“ პოლიტიკას მხარს უჭერს.

მისივე განმარტებით, ჩვენი ეს პოლიტიკა ესმის ყველა პარტნიორს და იციან, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არავინ გვაძლევს უსაფრთხოების გარანტიებს, არავინ გვაძლევს ეკონომიკურ გარანტიებს, ვერავინ მოგვთხოვს, რომ ჩვენი ხალხი ჩავაყენოთ ომის და ეკონომიკური რისკის ქვეშ.

" საპირისპირო ზომები კი შეიძლება იყოს ნებისმიერი, დაწყებული ეკონომიკური ზომიდან, დამთავრებული სხვა რამით. 2022 წლის 25 თებერვალს განვაცხადეთ ეს პოლიტიკა, რომ ჩვენ ვიქნებით ერთი მხრივ, სოლიდარული უკრაინის მიმართ და მეორე მხრივ, არ დავაწესებთ ორმხრივ სანქციებს, ვინაიდან ჩვენი ხალხის უსაფრთხოება და ეკონომიკური უსაფრთხოება დავიცვათ. სხვათაშორის, ჩვენი ეს პოლიტიკა ესმის ყველა ჩვენს პარტნიორს და იციან, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არავინ გვაძლევს უსაფრთხოების გარანტიებს, არავინ გვაძლევს ეკონომიკურ გარანტიებს, ვერავინ მოგვთხოვს, რომ ჩვენი ხალხი ჩავაყენოთ ომის და ეკონომიკური რისკის ქვეშ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, მისთვის მიუღებელია როგორც ის, რომ პრეზიდენტის მხრიდან ხდებოდეს ქართული კომპანიის ბოიკოტირება, ისე ქართული კომპანიის მხრიდან ხდებოდეს პრეზიდენტის ბოიკოტირება.

აღნიშნულით პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის Georgian Airways ბოიკოტს უცხადებს და აღნიშნულთან დაკავშირებით Georgian Airways-ის დირექტორის, თამაზ გაიაშვილის პასუხს, რომელიც ამბობს, რომ ავიაკომპანია პრეზიდენტს პერსონა ნონ გრატად აცხადებს, ვიდრე ის ბოდიშს არ მოიხდის.

„ამას მე ვერ შევაფასებ, ეს მათი დიალოგის საკითხია და ჩემთვის მიუღებელია როგორც ის, რომ პრეზიდენტის მხრიდან ხდებოდეს ქართული კომპანიის ბოიკოტირება, ისე ქართული კომპანიის მხრიდან ხდებოდეს პრეზიდენტის ბოიკოტირება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი