მნიშვნელოვანი კითხვებია, რატომ უკეთებს პუტინი შეთავაზებებს საქართველოს ახლა, რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს პირდაპირი ფრენების, სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, სარკინიგზო ხაზის პოტენციური აღდგენით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩის თქმით, ეს კითხვები მნიშვნელოვანია, რადგან პუტინი არაფერს იძლევა საფასურის დაკისრების გარეშე.
"ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მისი რვა მოქალაქე ჰყავს დაკავებული რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს სამხრეთ ოსეთში, განაგრძობს რუსეთის ზეწოლის ქვეშ ყოფნას, ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, რაც ჰგავს რუსეთის მიერ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობას.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ? რატომ ახლა? რატომ უკეთებს პუტინი ახლა ამ დათმობებსა და შეთავაზებებს საქართველოს. რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს ამისთვის, პირდაპირი ფრენებისთვის, სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, იმ სარკინიგზო ხაზის პოტენციური აღდგენით, რომელიც დააკავშირებს საქართველოს რუსეთთან, აფხაზეთის საშუალებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ პუტინი არაფერს იძლევა საფასურის დაკისრების გარეშე. კითხვაზე, რატომ აკეთებს ახლა რუსეთი ამას, დასკვნები ფაქტებზე დაყრდნობით უნდა გამოვიტანოთ, რომ გავიგოთ, რისი მიღება შეიძლება სურდეთ ამ ნაბიჯის, ამ ჟესტის თვალსაზრისით“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც ამერიკის ვიზებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ანსამბლი „მართვე“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა, საქართველოში დატოვეს.
"სამწუხაროდ, „იმედმა“ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ფაქტობრივად, ჩვენ ყოველწლიურად ვიღებთ ათასობით ქართველს შეერთებულ შტატებში, მათ შორის კულტურული, მათ შორის მრავალი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რაც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია. გასულ თვეში თბილისის სახელმწიფო საბალეტო დასის 30-კაციან ჯგუფს ვიზა მივეცით აშშ-ში გასამგზავრებლად. გასულ კვირას, ჩვენ ვიზები მივეცით ქართველ მოცეკვავეთა და მომღერალთა ჯგუფს, რომლებიც აპირებენ კონცერტის ჩატარებას ჩვენს კონგრესის ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. ზოგჯერ ადამიანებს სურთ, იფიქრონ, რომ მათ განსაკუთრებულად უნდა მოექცნენ და არ არის საჭირო ყველა საჭირო ნაბიჯის გავლა, მაგრამ ონლაინ არის ვიზის შესახებ ყველა ინფორმაცია და რჩევები, რომლებსაც ჩვენ ვაძლევთ, რათა დავეხმაროთ ადამიანებს ვიზის რაც შეიძლება სწრაფად მიღებაში. თუ ადამიანები იცავენ ამ წესებს და ამ რჩევებს, ისინი ჩვეულებრივ იღებენ ვიზას, თუ არის მისაღები. ეს მარტივი სიმართლეა, ეს არის ფაქტები“, - განაცხადა კელი დეგნანმა.