ჩვენი სამომავლო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება, თორმეტივე რეკომენდაციას ვახორციელებთ, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი - პრემიერი

17 მაისი 2023, 15:18 719 ნახვა

მწყობრად მივდივართ წინ და ჩვენი სამომავლო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ წინსვლა გვაქვს სხვადასხვა მიმართულებებით, ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი სამიზნე ორიენტირი. მოგეხსენებათ, რომ გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის დიდი მიზანი. კარგად მოგეხსენებათ, რომ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, ამით დადასტურდა, რომ ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში. ჩვენ მწყობრად მივდივართ წინ და ჩვენი სამომავლო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ამ მიზნით და მიმართულებით მივდივართ და ყველა, თორმეტივე რეკომენდაციას ვახორციელებთ იმისათვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენი საერთო ისტორია და საერთაშორისო წესრიგი ცხადყოფს, რომ ალტერნატივა არ გააჩნია კეთილდღეობას და მშვიდობას მსოფლიოში, საქართველო ამ ფასეულობებს და ღირებულებებს იცავს და ელოდება თანამშრომლობას ევროსაბჭოში, თქვენთან ერთად, დიდი მადლობა“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 2012 წელს "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, მთავრობა ეფექტურ პოლიტიკას ახორციელებს და მათი ხედვა არის ასახული დინამიურ ქმედებაში.  მისივე თქმით, საქართველო იქცა სამაგალითო დემოკრატიად მთელს რეგიონში.

"ჩვენ გავაუმჯობესეთ, როგორც სასამართლო სისტემა, ასევე საარჩევნო სისტემა. ეს არის ჩვენი განვითარების დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი. სასამართლო სისტემაში და ასევე, საარჩევნო სისტემაში მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა. რაც შეეხება მედიის უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, ეს ყველაფერი გათვალისწინებულია ჩვენს დღის წესრიგში. გამჭვირვალობა და გახსნილობა არის ჩვენი ხელწერა. საქართველო არის ლიდერი აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ამ ასპექტების მიხედვით. საერთო ჯამში, საქართველო იქცა სამაგალითო დემოკრატიად მთელს რეგიონში და დადებითი შეფასება გვაქვს მიღებული საერთაშორისო დონეზე ამ ასპექტების მიხედვით“, - განაცხადა პრემიერმა.

ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი  გუშინ გაიხსნა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი