ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 1 პირი პასუხისგებაში მისცეს

10 მაისი 2023, 10:03 528 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მიეცა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული, 2021-2022 წლებში, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა ორსულ ქალებთან და ფიქტიურად გააფორმა ისინი მის მმართველობაში არსებულ საწარმოებში, შემდგომ დაამზადა ყალბი დოკუმენტები, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თითქოსდა საწარმოებში დასაქმებულმა 237 პირმა მიიღო ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება, ჯამში 237 000 ლარის ოდენობით. ეს თანხა განაწილდა ბრალდებულსა და ორსულ ქალებს შორის.

მათივე ინფორმაციით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი