პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისი კვლავ პატიმრობაში რჩება.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ მიიღო. დღევანდელ წინასასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ამასთან, გადაისინჯა ლაზარე გრიგორიადისის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ შეფარდებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. გრიგორიადისი დუმილის უფლებით სარგებლობს, თუმცა დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ მას მიმალვა არ უცდია.