2008 წლის ომის საქმეზე საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - იუსტიციის სამინისტრო

28 აპრილი 2023, 16:04 692 ნახვა

2008 წლის ომის საქმეზე საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.

„2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი დარღვევების მტკიცებულებების საფუძვლიანი ანალიზის შემდგომ, საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 20 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები დაზარალებულ პირთა კომპენსაციასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ.

გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება და რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის შემდეგ თანხა დაზარალებულებზე განაწილდება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მადლობას უხდის მტკიცებულებების შეგროვებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს.

საქართველოს მთავრობა კვლავაც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფოს ინტერესების დაცვას საერთაშორისო სასამართლოებში, რის თაობაზეც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება“, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი