იმედია, ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და საქართველოს დააყენებს იმავე პოზიციაზე, სადაც დღეს არის უკრაინა, მოლდოვა - პაპუაშვილი

24 აპრილი 2023, 14:06 875 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

შალვა პაპუაშვილის თქმით, იმედი აქვს, მეორე ჯერზე ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

„ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან საუბრების დროს ხაზს ვუსვამთ და ხშირ შემთხვევაში, სწორედ აქ გვაქვს ურთიერთგაგება, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე, იმ მიღწევებზე, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანას აქვს. სამწუხაროდ, კითხვარზე იანვარში გამოქვეყნებულმა შეფასებამ გვაჩვენა, რომ შარშან, ივნისში გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი საქართველოსთან მიმართებით. იმედი მაქვს, ამ ჯერზე ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და საქართველოს დააყენებს იმავე პოზიციაზე, სადაც დღეს არიან უკრაინა და მოლდოვა. ამას მნიშვნელობა აქვს ბევრი მხრივ. ერთი იმიტომ, რომ შენარჩუნებული იქნას ტრიო, რომელიც არსებობს მოლდოვა, უკრაინა, საქართველოს სახით, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით არის არა მხოლოდ ერთ ქვეყანასთან, საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილება, არამედ ეს არის ევროკავშირის პოზიცია რეგიონის მიმართ. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ხელახლა გაიაზროს საკუთარი გეოპოლიტიკური როლი რეგიონში და გააცნობიეროს, რომ საქართველოსთვის პასუხი ამავე დროს, ნიშნავს პოზიციას რეგიონთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიაც სხვა არაფერია, თუ არა ინსტრუმენტი კონფრონტაციის, პოლარიზაციის, რადიკალიზაციის.

„ეს არის, რასაც ისინი საერთო ჯამში ბოლო ორი წელია, აკეთებენ, მას შემდეგ, რაც საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. საქართველოს ხელისუფლების განაცხადისთანავე სწორედ კონფრონტაციისკენ მიჰყავდათ ყველაფერი, მათ შორის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგაც ვნახეთ, რომ მცდელობები იყო დესტრუქციისა. ამიტომ, ეს ვინაიდან არის ინსტრუმენტი, რომელსაც ცდილობს ახლა ოპოზიცია, გამოიყენოს იმისთვის, რომ იყოს მეტი კონფრონტაცია, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხარდაჭერა არ აქვს.

ამავე დროს, ეს პროცესი გვაჩვენებს კიდევ ერთ სავალალო მდგომარეობას ჩვენი ოპოზიციის, რომ ახლა ჩვენ ვუყურებთ იმას, რაც ხდებოდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც თითქოს მრავალფეროვანმა ოპოზიციამ გვაჩვენა, რომ ისინი სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ მოქმედი გაერთიანებები არიან, ახლაც ჩვენ ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებულ მაშინდელ ოპოზიციას, რომელმაც ბევრმა მაშინ ინანა, დაიშალნენ, ნაწილი შემოვიდა პარლამენტში, ნაწილი უფრო მოგვიანებით. დღეს ზუსტად იმავე მდინარეში შედიან, რომელშიც შევიდნენ 2020 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებად გაფორმდნენ. ახლაც ვუყურებთ, რომ ეს პროცესი საგამოძიებო კომისიისა არის „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი ორგანიზაციების მიერ განვითარებული პროცესი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებამ, სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანეს როგორც სამართლებრივი, ისე მორალური განაჩენი მაშინდელი ხელისუფლების მიმართ და ამას ვერაფერი შეცვლის.

„გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ვფიქრობ, საზოგადოებამ და არა მხოლოდ საზოგადოებამ, სტრასბურგის სასამართლომაც, გამოიტანეს როგორც სამართლებრივი, ისე მორალური განაჩენი მაშინდელი ხელისუფლების მიმართ და ამას ვერაფერი შეცვლის. ეს არის ნაწილი იმ სამწუხარო ისტორიისა, რომელიც საქართველოს ჰქონდა, როდესაც რეჟიმი იყო დამყარებული ჩაგვრაზე, რომ ადამიანი არაფრად არ ითვლებოდა. სწორედ ეს თქვა სტრასბურგის სასამართლომაც, ეს თქვა ქართველმა ხალხმაც, როდესაც 2012 წელს პოლიტიკური პააუხი გასცა მაშინდელ რეჟიმს. ამიტომ ეს მცდელობები არის ახლა, რომ დააკნინონ ის მორალური და სამართლებრივი განაჩენები, რომელიც ქართველმა ხალხმა, ქართულმა და საერთაშორისო მართლმსაჯულებამ გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“. ამიტომ ამას არანაირი შედეგი არ ექნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი