„კოლექტიური დასავლეთი“ თბილისს რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებს - რუსეთის საგარეო უწყება

06 აპრილი 2023, 10:01 528 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების განცხადებით, რუსულმა მხარემ აღნიშნა რეგულარული რაუნდების არამოტივირებული გაუქმებისა და გადადების გზით ჟენევის დისკუსიების პოლიტიზების დაუშვებლობის მნიშვნელობა. აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში გაჭიანურებულმა პაუზებმა, შესაძლოა, რეგიონში დაძაბულობის ზრდა გამოიწვიოს, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება პოლიტიკური დიალოგის ბლოკირების ინიციატორებს. რუსული დელეგაციის ამ პოზიციას დაეთანხმნენ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის წარმომადგენლები.

"ცალკე აქცენტი გაკეთდა „კოლექტიური დასავლეთის“ მცდელობების გაგრძელებაზე, გადაიტანონ უკრაინიდან სამხრეთ კავკასიაში კონფრონტაციის ლოგიკა, რაც გამოიხატება თბილისისკენ პროვოკაციულ მოწოდებებში, გახსნან „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ასეთი საშიში განცხადებები საჭიროებს ოპერატიულ რეაგირებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და მათ მიერ წარმოდგენილი ორგანიზაციების მხრიდან“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება კმაყოფილებით აღნიშნავს საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის განწყობას, გააგრძელონ თავშეკავებულობის გამოვლენა.

"შედეგად, საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრისპირა რაიონში ვითარება შედარებით მშვიდი რჩება. სერიოზული ინციდენტები არ ფიქსირდება. ჟენევის პლატფორმის მუშაობაში პაუზის მიუხედავად, შესაძლებელი იყო დიალოგის შენარჩუნება მოლაპარაკებების სხვა ხაზებით, მათ შორის „ცხელი ხაზებით“ და ერგნეთის დასახლებაში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. დღის წესრიგში დგას ანალოგიური მექანიზმის ფუნქციონირების აღდგენა საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე გალის დასახლებაში. სოხუმის შესაბამისი კონსტრუქციული წინადადებები რჩება მოლაპარაკებების მაგიდაზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსული და მისი აფხაზი და სამხრეთ ოსი მოკავშირეების შეფასებით“, რეალური წვლილი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევაში შეიძლება იყოს საქართველოს მიერ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ასევე ე.წ. „ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსეთის საზღვრების“ დელიმიტაციისა და დემარკაციის დაწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში