აშშ-ის გადაწყვეტილება სანქციებზე, არის დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური სასამართლო და ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც სასჯელს იხდის, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს - ლევან ხაბეიშვილი

05 აპრილი 2023, 22:23 569 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე, არის ისტორიული და უპრეცედენტო.

ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა „პოლიტპატიმარი“, რომელიც დღეს სასჯელს იხდის, „კორუფციული და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ“.

„ამასობაში აშშ-ის გადაწყვეტილება არის ისტორიული და უპრეცედენტო, მოგეხსენებათ, ოთხი მოსამართლე დასანქცირდა და მათი ოჯახის წევრებიც, რაზეც ოფიციალური განცხადება უკვე გაკეთდა. ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო და ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასაჯელს იხდის ამ კორუფციული, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა იყოს გათავისუფლებული. ამასობაში შეგახსენებთ, რომ ჩვენ, პოლიტიკური პარტიები, სამოქალააქო საზოგადოება ვსაუბრობდით, რომ სანქცირება მოუწევდათ უკვე კონკრეტული თანამდებობის პირებს, აქ საუბარია მურუსიძე, ჩინჩალაძე ამ მოსამართლეებზე. ეს პროცესი უკვე დაიწყო და ეს არის პოლიტიკური გზავნილი დანარჩენებისთვის, იმ ხალხისთვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს ანადგურებენ. ეს ეხება 76 ქართველ გარუსებულ დეპუტატს, ვინც რუსულ კანონს მისცა ხმა და მინდა, მივმართო მათ, დაფიქრდით, სად მიყვებით რუს ოლიგარქს. მინდა, მივმართო პროკურორებს, სუს-ის უფროს ლილუაშვილს, შსს მინისტრს და მაღალი თანამდებობის პირებს, არაფერს ვლაპარაკობ, კობახიძესა და ღარიბაშვილზე, ვინც ანადგურებთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებირობას. ეს გზავნილი არის თქვენთვის და შემდეგი უკვე რიგში ხართ თქვენ, ისევე როგორც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. მინდა, ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ ეს ნაბიჯი ჩვენი პარტნიორებისგან, არის ქართველი ხალხის მიმართ მხარადჭერა, მხარდაჭერა იმ გზის, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ვიბრძვით თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ეს გზავნილი არის ქართველი ხალხისა და ახალგაზრდების მონაპოვარი, რომლებმაც დაიცვეს საქართველოს კონსტიტუცია და სახელმწიფოებრიობა. სწორედ ამიტომ, მოგიწოდებთ, 9 აპრილს 17:00 საათზე ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რომ რუსული ოცნება, რუსული რეჟიმის დემონტაჟი მივიყვანოთ ბოლომდე. ეს არის უკვე უკანასკნელი წვეთი, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და ეს არის პირველი გადაწყვეტილება სანქცირებასთან დაკავშირებით.

მადლობა აშშ-ს ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. წარმოუდგენელია, როცა აშშ ღიად საუბრობს კლანურ, კორუფციულ სასამართლო სისტემაზე, ამ სისტემის მიერ გასამართლებული პუტინის პირადი პატიმარი სააკაშვილი აგრძელებდეს ასეთ წამებაში ყოფნას, ასევე ნიკა გვარამია, შამათავა და სხვა პოლიტიკური პატიმრები, რომელიც მრავლად ჰყავს ჩვენ ქვეყანას. ასევე ახალგაზრდა ლაზარე, რომელიც ამ რუსული რეჟიმის მსხვერპლია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში