უახლოეს პერიოდში შესაძლოა, ძირითადი მოხმარების პურზე ფასი შემცირდეს - ოთარ შამუგია

03 აპრილი 2023, 16:24 2131 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, ძირითადი მოხმარების პურზე ფასები შემცირდეს.

როგორც ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო პერიოდში, ხორბლისა და ფქვილის ფასი შემცირდა, რაც პურის ფასის შემცირების წინაპირობაა.

„ბოლო პერიოდში ხორბალთან და ფქვილთან მიმართებაში ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა და შეიძლება ითქვას, განსაკუთრებით, ფქვილზე. ჩვენ გვქონდა პურის მწარმოებლებთან კომუნიკაცია და ველოდებით, რომ ფქვილის ფასების შემცირება, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, უკვე აისახება პურზე და ჩვენ დახლებზე ალბათ, უახლოეს პერიოდში, კონკრეტული სახეობის პურზე, ძირითადი მოხმარების პურზე შემცირებულ ფასებს ვნახავთ,“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განმარტებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხორბლის ექსპორტის აკრძალვა ვადაზე ადრე მოხსნან.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების კუთხით რისკები არ არსებობს.

„შარშან, ზაფხულში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვეჩერებინა ხორბლის და ქერის ექსპორტი. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გამომდინარეობდა იქიდან, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მთლიანად აქ არსებულ საჭიროებებს, ადგილობრივ მოთხოვნილებას მოხმარებოდა და სასურსათო უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გამართლებული იყო. შემდეგ, რამდენიმე თვეში ეს შეზღუდვა ქერთან მიმართებაში მოვხსენით და მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე, არსებული ვითარების ანალიზით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე დღეში ხორბლის ექსპორტის შეზღუდვა მოვხსნათ.

შესაბამისად, ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ ფერმებს, რომ უკვე თავისუფალ სავაჭრო სივრცეში მოახდინონ არსებული ხორბლის რეალიზაცია, ვინაიდან, არ დგას არანაირი რისკი უზრუნველყოფის ნაწილში და სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში. ქვეყანაში არსებობს დაახლოებით, 2-3 თვის როგორც ხორბლის და ასევე, ფქვილის მარაგი. ასევე, 3 თვის შემდეგ, ჩვენ ველოდებით ახალ მოსავალს. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხორბლის ექსპორტის აკრძალვა ვადაზე ადრე მოვხსნათ. ჩვენ ეს შეზღუდვა ივლისამდე გვქონდა განკარგულებით,“ - განაცხადა შამუგიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი