„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელიც მომხდართან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს.
დაკავებულთან მიმართებით, აღკვეთის ღონისძიების სახით, ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
პროკურორის განმარტებით, ბრალდებულის მშობელიც ამბობს, რომ მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და მედიკამენტებს არ იღებდა.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი მალევე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა, რაც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.