იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს 7,1 პროცენტი - პრემიერი

03 აპრილი 2023, 14:23 1942 ნახვა

იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს - 7,1%-ია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. 7,1%-ია ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ამის ფონზე გვაქვს საკმაოდ სოლიდური, მაღალი ეკონომიკური ზრდა. იანვარში 8%-ზე მეტი გვქონდა და თებერვალში - 5,8%. ანუ, საერთო შეწონილი საშუალო მაჩვენებელი გამოვიდა 7,1%, რაც ძალიან მისასალმებელია და მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რაც ხდება მსოფლიოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა დაასახელა დარგები, რამაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა განაპირობა. ესენია: მშენებლობა, საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ტურიზმი და სხვა სექტორები.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მშპ-სთან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თითქმის 6,3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

„მესამე ძალიან პოზიტიური ინფორმაცია რაც ასევე მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ეს იყო გამოწვევა. შარშან, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა და ასევე დასაქმების მიმართულებითაც ძალიან სერიოზული გაუმჯობესება გვქონდა, ბოლო ორ წელიწადში შეიქმნა 220 000 ახალი სამუშაო ადგილი. ამის გარდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა - 4,1 პროცენტი, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითქმის 6,3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა მშპ-სთან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ასე, რომ ეს არის ძალიან სერიოზული მიღწევა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ინფლაციის ახალ მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა თვესთან შედარებით მაჩვენებელი 2.8%-ით შემცირდა.

„მოგეხსენებათ ინფლაცია იყო და რჩება მთავარ გამოწვევად. დღეს მთელს მსოფლიოში არის მაღალი ინფლაცია - ამერიკაში, ევროპაში. ევროზონაში შარშან მაგალითად ორნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იყო 20, 25, 30 პროცენტამდეც კი ავიდა. მოლდოვაში 37% იყო ინფლაცია. ამ დროს ჩვენმა პატარა ქვეყანამ, ამდენი გამოწვევის მიუხედავად, მოახერხა, რომ შარშან იყო პიკზე, ყველაზე მაღალი 13%, წლის ბოლოს ჩვენ შევამცირეთ 9%-მდე და ახლა უკვე მარტში 5.3% არის ინფლაცია, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პროგრესი. თითქმის 2.8%-ით არის შემცირებული წინა თვესთან შედარებით. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო რას ნიშნავს ინფლაციის შემცირება ჩვენი ხალხისთვის.

 

ეს რა თქმა უნდა ავტომატურად აისახება სურსათზე, ტრანსპორტზე, მედიკამენტებზე, ფასებზე, ყველაფერზე აისახება, ბუნებრივია. ეს არის შედეგი ჩვენი ერთობლივი მუშაობის, ჩვენ ამის თაობაზე შარშან დავიწყეთ მუშაობა. მედიკამენტებზე შევძელით და შევამცირეთ ფასები მნიშვნელოვნად. 60-80%-ით შევამცირეთ ფასები. შემოვიღეთ ასევე რეფერენტული ფასები და ჯამურად 200 მილიონი ლარის ეკონომია ნახა ჩვენმა ხალხმა. ასევე დავიწყეთ საწვავის ფასებზე იმპორტიორებთან მუშაობა. გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები, და საწვავის ფასებიც შემცირებულია. მესამე მიმართულება ეს არის სურსათის ფასები, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. ამ მიმართულებითაც გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები. მალე ეკონომიკის სამინისტრო წარმოადგენს კანონპროექტს, აქედანაც დავაზღვევთ [ფასებს]. ამ კანონითაც გადავაზღვევთ, რომ სამართლიანი ფასები მოქმედებდეს ბაზარზე და ეს ყველაფერი ჯამში აისახა შემცირებულ ინფლაციაზე“ , - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით წელს იგეგმება მსხვილი პროექტების დაწყება, როგორიცაა ანაკლიის პორტის მშენებლობა.

"საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს წელს. ჩვენ ასევე ვგეგმავთ სერიოზული მსხვილი პროექტების დაწყებას, როგორიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება, წელსვე გვინდა, რომ დავიწყოთ მშენებლობა, შემოდგომაზე. ასევე აეროპორტის მიმართულებით გვაქვს ჩვენ სერიოზული გეგმა, რომ წელს, წლის ბოლომდე მოვახდინოთ ახალი პროექტის შეჯერება, დამუშავება. ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი იყოს რეგიონში ახალი აეროპორტი, რომელსაც 2-3 წელი დასჭირდება, რომ აშენდეს. ესეც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს. აეროპორტი, პორტი, რა თქმა უნდა, გრძელდება ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა და ჰესები, მსხვილი ჰესების მშენებლობა. ეს პირდაპირ იქნება ბონუსი და დამატებითი, ასე ვთქვათ, დაბუსტავს ეკონომიკურ ზრდას, ისედაც მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ეს არის ჩვენი მოლოდინები უახლოესი ერთი წლის და მომდევნო წლების განმავლობაში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი