სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მცდარია ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები მსჯავრდებულის მონახულებასთან დაკავშირებით მის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
"მინდა, გამოვეხმაურო მედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები ელოდებიან ჩემ გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის მონახულებასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა. გარდა იმ ფორმალური ნაწილისა, რაც მსჯავრდებულის მოსანახულებლად საჭირო რწმუნებების გაცემასა და ხელმოწერასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ჩემი მხრიდან შესრულებულია და მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერ დროს გადაეცემათ რწმუნებები.
ჯერ კიდევ წინა კვირას, კონსილიუმთან შეხვედრის დროს, მივაწოდე მათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის სურვილის შესახებ, მოენახულებინა იგი კონსილიუმს. ამასთან, არაორაზროვნად და ცალსახად განვმარტე, რომ ჩემი მხრიდან კონსილიუმს ექნებოდა ყველანაირი ხელშეწყობა.
აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, შენარჩუნებულია და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ემუქრება“,- აცხადებს ლევან იოსელიანი.