თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია თავად პატიმარი და ოჯახი, რომელსაც არასათანადო კალორაჟის საკვები შეაქვს სააკაშვილთან - კობახიძე

23 მარტი 2023, 12:49 487 ნახვა

თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია თავად პატიმარი, ეს ასეა ნებისმიერ პენიტენციურ სისტემაში, სახელმწიფო სტრუქტურები პასუხისმგებლები არიან ზრუნვაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების საკითხში ჩართულია მისი ოჯახიც.

„ასევე, თვითდაზიანებაზე არის პასუხისმგებელი უშუალოდ პატიმრის ოჯახი, რომელსაც არასათანადო კალორაჟის საკვები შეაქვს პატიმართან, ეს არის გაუგონარი მოვლენა, ამაზე საზოგადოებამაც უნდა გაამახვილოს ყურადღება, საერთაშორისო პარტნიორებმაც, რატომ არის თვითდაზიანებაში ჩართული ოჯახი“, – აღნიშნა კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილი არის ის პიროვნება, ვინც ყველაფერს ანტიევროპულს განასახიერებს თავისი საქმიანობით, როცა იყო საქართველოს პრეზიდენტი.

„გუბაზ სანიკიძე ანტიევროპის სახეა საქართველოში – თავისი წარსულით, აწმყოთი, მომავლით. სააკაშვილი არის ზუსტად ის პიროვნება, ვინც ყველაფერს ანტიევროპულს განასახიერებს თავისი საქმიანობით, როცა იყო საქართველოს პრეზიდენტი. ქვეყანაში ყველაზე არაევროპული რეჟიმი მაშინ იყო – ადამიანის უფლებების შელახვით, რუსეთის გავლენის გაფართოებით, ბიზნესის რეკეტით და ა.შ. საქართველოში თუ რაიმე ანტიევროპულია, ეს არის გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“. შესაბამისად, სააკაშვილის დაკავშირება ევროპულ ინტეგრაციასთან კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, რადიკალური ოპოზიციის ე.წ. ბოიკოტის ერთადერთი მიზანია ურესურსობა, მათ არც პოლიტიკური და არც ინტელექტუალური რესურსი არ აქვთ, საპარლამენტო განხილვებში ეფექტურად ჩაერთონ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მათი დაფინანსება  არ არის გამჭვირვალე. მისივე განმარტებით,  იყო ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა გამჭვირვალობას, თუმცა ეს კანონი გაწვეული იქნა, აქედან გამომდინარე დღესაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა არ არის გამჭვირვალე.

„დაგისახელებთ კონკრეტულ ორგანიზაციებს და ვერსად ვერ ამოიკითხავთ ინფორმაციას იმაზე, ვინ რამდენით აფინანსებს ამა თუ იმ ორგანიზაციას მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს. ეს არის სერიოზული პრობლემა, ასევე სერიოზული პრობლემაა, რომ ხდება პარტიების დაფინანსება შემოვლითი გზით უცხოური წყაროებიდან, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია „დროას“ დაფინანსება. არის შექმნილი ფეიკენჯეო, „დროა“, იგივე სახელით იგივე ლოგოთი, ეს არის ფიქტიური, ქაღალდზე არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება გარე წყაროებიდან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანულ კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. ეს არის ჩვენთვის გაუგებარი პრაქტიკა და ამაზე გავაგრძელებთ საუბარს ყველგან, საზოგადოებას მივწვდით ინფორმაციას და ამაზე საუბარი გაგრძელდება ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტსაც გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„გერმანიის მხარდაჭერა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი ევროკავშირში. აქედან გამომდინარე, ეს ფორმატი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული, იმისთვის რომ გაძლიერდეს გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში