ვსწავლობთ პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს, დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან - თეიმურაზ კუპატაძე

10 მარტი 2023, 11:47 533 ნახვა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 7 და 8 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

„გამოძიების ფარგლებში, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გამოუყენებელი „მოლოტოვის კოქტეილები“. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიების ფარგლებში მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც აღნიშნულ ქმედებებს ახორციელებდა“, - განაცხადა კუპატაძემ.

მისივე განმარტებით, სწავლობს პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს და გამოვლენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

"ორი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი, მათ შორის 5 ამ დრომდე რჩება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ყველამ კარგად ნახა, როგორ ესროდნენ ცეცხლმოკიდებულ საგნებს, პიროტექნიკას თუ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ჩემს კოლეგებს, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო...

ასევე, ყველა მედიასაშუალების ეთერში კარგად ჩანდა, აქციის მონაწილეები როგორ ისროდნენ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვ საგნებს, ქვებს, ხის თუ რკინის ნივთებს, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა მიიღო მძიმე ხარისხის დაზიანება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს და გამოვლენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან“,- განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

მისივე განმარტებით, შსს-ს თანამშრომლებს აქვთ დამწვრობები და სხვადასხვა საგნით მიყენებული ჭრილობები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღად გაჰყვებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი