ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი გამუდმებით ცდილობს მოიგონოს ახალ-ახალი საბაბი კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად - კახა კალაძე

08 მარტი 2023, 17:22 714 ნახვა

ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი გამუდმებით ცდილობს მოიგონოს ახალ-ახალი საბაბი კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ Facebook „ლაივში“ განაცხადა.

„ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი გამუდმებით ცდილობს მოიგონოს ახალ-ახალი საბაბი კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად, რაც ძალიან გულდასაწყვეტია და ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მეგობრებზე, პარტნიორობაზე, არც კი ვიცი რა დავარქვა ასეთ განცხადებებს. ყველა თავმოყვარე ადამიანისთვის, ვისაც საკუთარი სამშობლო გვიყვარს, ეს დამოკიდებულება და განცხადებები, რასაც ვისმენთ მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მიღებას რომ უკავშირებენ სააკაშვილის გათავისუფლებას, რბილად რომ ვთქვათ შეურაცხმყოფელია. მაშინ რა აზრი ჰქონდა 12-პუნქტიანი გეგმის წარმოდგენას?! ამ გეგმის შესასრულებლად ვაკეთებთ ყველაფერს და ის ზედმიწევნით იქნება შესრულებული ჩვენი მხრიდან. ამაში რა თქმა უნდა, ოპოზიცია არ მონაწილეობს, მიუხედავად პირდაპირი მოწოდებებისა, მაგრამ, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ ანაღვლებთ ქვეყნის მომავალი, ევროინტეგრაცია, მომავლის გაძლიერება, მშვიდობა ქვეყანაში. მათი ერთადერთი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება, ყველანაირი გზით“,- განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და მზადაა, დანარჩენი ნაბიჯებიც ღირსეულად გაიაროს.

„თუ ჩვენი ოპონენტების არჩევანი ევროპისკენ ცალ ფეხზე სიარულია, ეს მათი ნებაა, თუმცა, გარწმუნებთ, რომ ცალ ფეხზე სიარულითა და მონური დამოკიდებულებით, ევროპაში ვერასდროს შევალთ. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ მონობა არც ქართველების ხასიათში ზის და შესაბამისად, ჩვენი ხალხის დამონების პრეტენზია არავის უნდა ჰქონდეს. შეგახსენებთ, რომ ევროპულ გზაზე ყველაზე ხელშესახები შედეგები, მოყოლებული 2012 წლიდან, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჰქონდა. სწორედ ჩვენ შევძელით ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა, ასევე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, როგორც ქართველი, ევროპაში ყოველთვის თავაწეული დადიოდა და მომავალშიც ასე ივლის.

"რა თქმა უნდა, ევროპა თითოეული ჩვენგანის არჩევანი და მიზანია. ევროპა ისტორიულად დაკავშირებულია ქრისტიანობასთან, დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, სამართლის უზენაესობასთან, ღირსების პატივისცემასთან, ეს არის ის ფასეულობები, რომლისკენაც ქართველები დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვისწრაფოდით და დღესაც ვისწრაფვით.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ევროპაზე საუბრისას, პირადად მე ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო დღეებში ოპონენტების მხრიდან მხვდება სტატუსები, წერენ - კახა, კარგია ევროპაში შოპინგი? სიღრმეში არ შევალ, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ ადამიანებს, პოლიტიკურ ოპონენტებს ევროპა შოპინგამდე დაჰყავთ, რაც მათ მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს, ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ ადამიანებს ღირებულებები არ აქვთ. ჩემი საუკეთესო წლები ევროპაში გავატარე. ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მილანში. ჩემი წარმატებებიც მილანთან და ევროპასთანაა დაკავშირებული, რითაც ძალიან ვამაყობ. ყოველთვის ევროპული ღირებულებებით ვცხოვრობ. ვამაყობ ჩემი ქვეყნით, ტრადიციებით, კულტურით, ამ დამოკიდებულებით ვზრდი ჩემს შვილებსაც. ჩემთვის ევროპა არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში