ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, საქართველოში პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის დასაშლელად. ბრიტანული სააგენტო „როიტერი“ თბილისში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აშუქებს.
სააგენტო თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დედაქალაქ თბილისის მთავარ გამზირზე პოლიცია მშვიდობიან მომიტინგეებს აკავებდა. გვიან ღამით პოლიცია დემონსტრანტებს დაუპირისპირდა, აქციის რამდენიმე მონაწილემ პოლიციას მოლოტოვის კოქტეილები და ქვები ესროლა. შემდეგ დემონსტრანტებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც ლითონის ბარიერები მოშალეს. როიტერი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ციტირებს. უწყება პარლამენტის წინ აქციას უკიდურესად ძალადობრივ პროტესტს უწოდებს და აცხადებს, რომ პოლიცია კანონის დარღვევებზე პროპორციულ რეაგირებას მოახდენს. როიტერი კრიტიკოსების განცხადებებზე დაყრდნობით წერს, რომ ქართველი კანონმდებლების მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონი ავტორიტარულ ცვლილებას წარმოადგენს და შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას.
ბერლინში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს ამ კანონს და აღნიშნა, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი აკმაყოფილებს "ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს". როიტერი აშშ-დან სალომე ზურაბიშვილის მიმართვასაც ავრცელებს, რომელმაც განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს კანონს და რომ ის მომიტინგეების მხარეზეა.
თბილისში მიმდინარე მოვლენებს ბიბისი-ც ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს დედაქალაქში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საკამათო კანონპროექტს, რომელიც კრიტიკოსების თქმით, ზღუდავს პრესის თავისუფლებას და თრგუნავს სამოქალაქო საზოგადოებას.“ „სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ხალხის დასაშლელად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოცემა წერს, რომ აქციის მონაწილეთა და ქვეყნის ოპოზიციის უმეტესობა შიშობს, რომ კანონის მიღება დაასრულებს საქართველოს მრავალწლიან ამბიციას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. საპროტესტო აქციებს გამოცემა გარდიანიც ეხმაურება და წერს, რომ ახალმა კანონმა შეიძლება გაანადგუროს თბილისის იმედები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.“