თუ შეკრებილები არ დაემორჩილებიან პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებული პროპორციულ ძალას - შსს

07 მარტი 2023, 20:53 456 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირების მცდელობა და ადგილი აქვს სამინისტროს მოსამსახურეებზე ძალადობის ფაქტებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას, ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

"აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. იმ შემთხვევაში, თუ შეკრებილები არ დაემორჩილებიან პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწევენ წინააღმდეგობას, პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებული პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს"- განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში