პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია

07 მარტი 2023, 15:11 700 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე 6 წლით ლევან იოსელიანი აირჩია. მას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არცერთი დეპუტატი არ წასულა.

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის კანდიდატად პარტია "მოქალაქეებმა" წარადგინა. 

ახალარჩეულმა სახალხო დამცველმა, დეპუტატებს მიმართა და აღნიშნა, რომ ის იქნება ყველას სახალხო დამცველი.

"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღევანდელი დღეს ჩემს ცხოვრებაში. ამ ძალიან რთულ მომენტში ჩვენი ქვეყნისთვის მე დამეკისრა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა ამას ვაცნობიერებ. მინდა ყველას, ვინც ნდობა გამოხატეთ ჩემს მიმართ მადლობა გადაგიხადოთ.

 

სიმართლე გითხრათ, გამოვედი ტრიბუნაზე მხოლოდ იმის სათქმელად, რომ სამ ძალიან მამაც ქალს გადავუხადო მადლობა: თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძესა და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის მანძილზე უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს, რათა ჩემთვის არ მოეცათ ხმა. ეს იყო მათზე განხორციელებული ბულინგი, რაც გინდათ ის დაარქვით. მიუხედავად ამისა, მათ უერთგულეს თავიანთ სიტყვას და პრინციპს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში, ქალების, რომლებიც ბევრად უფრო მამაცები არიან, ვიდრე ბევრი მამაკაცი, რომელიც აქ უბრალოდ იმიტომ არ ზის, რომ ვერ შემომხედავდა თვალებში. დიდი მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ, ვინც ეს ნდობა გამომიცხადეთ.

 

მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო ის პოზიცია, რომელსაც ჰქვია ძალიან საპატიო სახელი - სახალხო დამცველი, ვიყო ყველა მოქალაქის სახალხო დამცველი“, - განაცხადა ლევან  იოსელიანმა.

ლევან იოსელიანი 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“, 2021 წლიდან - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

იოსელიანმა 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. მიიღო მაგისტრის ხარისხი ჩიკაგოს კენტის სამართლის სკოლაში.

1999-2000 წლებში იყო "საქართველოს ბანკის“ იურისტი, 2000-2001 წლებში – "თიბისი ბანკის“ მთავარი იურისტი. 2008-2016 წლებში იყო "ლევან იოსელიანის იურიდიული კომპანიის“ იურისტი, 2018-2020 წლებში - ააიპ "საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი