საქართველოში თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და დელეგაციის წევრები იმყოფებიან

06 მარტი 2023, 19:59 541 ნახვა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მოწვევით, საქართველოში თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და დელეგაციის წევრები იმყოფებიან. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური სამმხრივი სხდომა გაიმართა.

ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა დეოკუპაციის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს ორი რეგიონის რუსეთის მხრიდან ოკუპაციის საკითხის შენარჩუნება საერთაშორისო დღის წესრიგში და ამის ფონზე, მადლობას ვუხდი თქვენს მთავრობებსა და საკანონმდებლო ორგანოებს – საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებსა და ფორუმებში წარმოდგენილი რეზოლუციების და პოლიტიკური დეკლარაციების მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

​ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა რეგიონის სატრანზიტო ფუნქციაზე; სატრანზიტო დერეფნების მნიშვნელობაზე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, სამხრეთის გაზის დერეფანზე, შუა დერეფანსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ფორმატის შეხვედრა ყოველწლიურად ტარდება და სამ ქვეყანას შორის საკანონმდებლო დონეზე არსებულ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესები, სამმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ასპექტები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები განიხილონ.

შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით ზილფიმიანი კომიტეტის წევრები მარიამ ლაშხი და ალექსანდრე მოწერელია მონაწილეობდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი