პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული აგენტების ამერიკული კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ინიციატივის ავტორები, უმრავლესობა და ოპოზიციის ნაწილი.
სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე და რამდენიმე ქალი დეპუტატი, მათ შორის, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ანი წითლიძე და თაკო ჩარკვიანი გააძევეს. დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა.
პირველ საკითხად „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი უნდა განიხილონ, რომლის წარდგენასაც მომხსენებელი „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ცდილობს, თუმცა მას სიტყვით გამოსვლას ოპოზიციონერი დეპუტატები სხვადასხვა შეძახილით აწყვეტინებენ.
სხდომაზე ხმაურის გამო, კანონპროექტის შინაარსობრივი განხილვის დაწყება ვერ მოხერხდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა დატოვეს.
პარალელურად აქცია მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოს გარეთ. სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, მესამე სექტორის წარმომადგენლები აღნიშნულ კანონს აპროტესტებენ.