სამხედრო სამსახურის ერთჯერადად გადავადება 10 000 ლარამდე გაიზრდება. თანხის გადახდის შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად აღარ მოხვდება შესარჩევთა სიაში, თუმცა ვალდებულია შემდეგ წელს გაიაროს სავალდებულო სამსახური - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თავდაცვის კოდექსზე საუბრისას განაცხადა.
"ჩვენ ყოველი წლის დასაწყისში დავადგენთ იმ რაოდენობას, რომელიც ჩვენი სამიზნე იქნება. ეს შეეხება პირველ რიგში იმ კატეგორიას, რომელსც არ აქვს სხვა საფუძველი სავალდებულო ჯარიდან თავის გათავისუფლების და შემდეგ გადავალთ იმ კატეგორიაზე, რომელიც შესაძლოა მოიაზრებოდეს, როგორც პოტენციური რეზერვი. ეს შეეხება სტუდენტების გარკვეულ რაოდენობას, შეიძლება კონკრეტული წლის განმავლობაში საერთოდ არ შეეხოს სტუდენტებს, ან თუ შეეხება, იქნება ეს ძალიან მცირე რაოდენობა. სტუდენტობა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ იქნება ესა თუ ის სტუდენტი გაწვეულთა სიაში. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ინდივიდუალურ შემთხვევებს - მე დღეს ვნახე მაგალითად, რომ ხვიჩა კვარაცხელია მოხვდებოდა ამ სიაში, რაც ტყუილია. ჩვენ მაქსიმალურად შევამცირეთ სუბიექტური გადაწყვეტილების საშუალება და ავწიეთ პრემიერის დონეზე ისეთი ინდივიდუალური შემთხვევები, როგორიც არის საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე.
როგორ მოხდება სტუდენტის გაწვევა - ჩვენ დიაპაზონიც გავზარდეთ, ახალი კოდექსი ბევრად მოქნილია. სტუდენტს ექნება არჩევანის საშუალება, ასევე ექნება უფლება გამოხატოს საკუთარი ნება და ნებაყოფლობით გაიაროს გაწვევამდე სავალდებულო სამსახური. ნებისმიერ სტუდენტს წლის განმავლობაში შეეძლება, მხოლოდ ზაფხულში 1 თვით გაიაროს მომზადება და აღარ იქნება იგი ვალდებული სავალდებულო სამსახურის მიმართ.
უცხოეთში ვინც სწავლობს იმ სტუდენტებს რაც შეეხებათ - მათაც ექნებათ იგივე საშუალება, შეიძლება სტუდენტმა ისწავლოს საზღვარგარეთ, აირჩიოს ეს პროგრამა და წლის განმავლობაში ერთხელ - ზაფხულში ჩამოვიდეს და გაიაროს საწყისი მომზადების კურსი.
გადავადება იქნება მხოლოდ ერთხელ - თანხის, 10 000 ლარის სანაცვლოდ. იგი ავტომატურად აღარ მოხვდება შესარჩევთა სიაში და ავტომატურად იქნება ვალდებული შემდეგ წელს გაიაროს სავალდებულო სამსახური,"- აცხადებს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი ნაწილი დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებს სწორედ ამ ე.წ. რელიგიური თვალსაზრისით. ბუნებრივია, ამის საშუალებას ჩვენ აღარ დავტოვებთ და სწორედ ეს იწვევს მღელვარებას.
"ჩვენ საკმაოდ დიდი ჯგუფის შემადგენლობაში, საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ აღნიშნული კანონპროეტის შემუშავებას, ინიცირებას. ფაქტობრივად, საპარლამენტო განხილვები დავიწყეთ და არც ერთი რელევანტური შენიშვნა და კითხვა იქ არ ყოფილა. ესეც სპეკულირების ერთ-ერთი საგანია, რომ ვთქვათ, იქნება რაღაც განსხვავებული რეჟიმი. არანაირი განსხვავებული რეჟიმი არ იქნება. პირიქით, ის ხარვეზი, რაც იყო თავის დროზე დაშვებული, ჩვენ არ შევედით კონკრეტულ შემთხვევაში შინაარსში, თუ რა შეიძლება, ყოფილიყო ამის პრიმატი და ჩვენ დავუშვით ის ხარვეზი, რაც მოხდა აქამდე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.