დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია

01 მარტი 2023, 10:01 555 ნახვა

დღეიდან, პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს.

რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია. ასევე, კანონის თანახმად, შესაძლოა, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვას.

ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება.

უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, პირველი მარტიდან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონით დაწესებული ვადები.

ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი