თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წელს ე.წ. ,,კანონიერმა ქურდმა“ და ,,ქურდული სამყაროს“ სამმა წევრმა, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი პირის მეშვეობით, ორ დაზარალებულს არაერთხელ მოუწყეს ,,ქურდული გარჩევა“, კერძოდ, სთხოვდნენ ფულადი თანხის უმოკლეს ვადაში გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ძალადობით ემუქრებოდნენ. ამავდროულად, ,,ქურდული გარჩევისას“, „კანონიერმა ქურდმა“ და ,,ქურდული სამყაროს“ წევრმა ერთ-ერთ დაზარალებულს მისი დასჯის მიზნით, თვითდაზიანების მიყენება აიძულეს.
"პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223’-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 144’’’-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (,,კანონიერი ქურდობა“, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა), მეორე ბრალდებულს - სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 144’’’-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა), ხოლო 3 პირს - სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარუდგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ე.წ. ,,კანონიერ ქურდს“ სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ხოლო ,,ქურდული სამყაროს“ სამ წევრს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს - ე.წ. ,,ქურდული სამყაროს“ წევრს, სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 223’’’-ე მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) და სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დასაბუთებული სასამართლო განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნული მსჯავრდებულის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს"-განმარტავენ პროკურატურაში.