საქართველო მხარს უჭერს "მშვიდობის ფორმულის" ინიციატივას და დგას უკრაინელი ხალხის გვერდით - ილია დარჩიაშვილი

23 თებერვალი 2023, 10:00 550 ნახვა

რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ იყო თავდასხმა საერთაშორისო წესრიგზე. ერთი წლის შემდეგ, ჩვენ ისევ შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ის პრინციპები, რაზეც ეს ორგანიზაცია დგას, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით გაერო-ს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველო სრულად უერთდება საერთაშორისო ორგანიზაციებს და დგას უკრაინელი ხალხის გვერდით. დარჩიაშვილმა „მშვიდობისა ფორმულის“ ინიციატივის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა.

"უკრაინას, ჩვენს ქვეყნებს და ხალხს სჭირდება მშვიდობა. ჩვენ ვდგავართ უპრეცედენტო მასშტაბის გლობალური გამოწვევების წინაშე – კლიმატური ცვლილებები, ბუნებრივი კატასტროფები, პანდემია, ტერორიზმი, რაც მოითხოვს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას, ჩვენს თანამშრომლობას, ძალიან ბევრი რამეა, რისი გაკეთებაც შეუძლია და უნდა გააკეთოს გაერო-მ.

მინდა, ხაზი გავუსვა „მშვიდობის ფორმულის“ ინიციატივის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველო მხარს უჭერს ამ ინიციატივას. საქართველო სრულად უერთდება საერთაშორისო ორგანიზაციებს ძალისხმევაში და დგას უკრაინელი ხალხის გვერდით ამ მძიმე დროს. საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების ინიცირება და განხორციელება მოახდინა. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი ძლიერი და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება ეყრდნობა საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების შერიგებასა და ნდობის აღდგენას.

„თითქმის 15 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ. რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, საქართველოს ეს რეგიონები რჩება დაუცველობის მუდმივ წყაროდ. საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მომხრედ რჩება, რაც ერთის მხრივ ეყრდნობა საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების შერიგებასა და ნდობის აღდგენას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

გაეროს წევრი 193 ქვეყნის წარმომადგენლები საგანგებო სესიაზე უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავის გამო შეიკრიბნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი