რეზოლუციები სულ უფრო აბსურდული ხდება, თურმე სააკაშვილი ყოფილა მძიმე მდგომარეობაში ივანიშვილის სიძულვილის გამო, ვინ შეეხვეწა სააკაშვილს, საქართველოში ჩამოსულიყო - კობახიძე

16 თებერვალი 2023, 14:43 550 ნახვა

თურმე სააკაშვილი ციხეში ყოფილა მძიმე მდგომარეობაში ივანიშვილის სიძულვილის გამო. სააკაშვილს ვინ შეეხვეწა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციაში აბსურდული ჩანაწერებია, რის გამოც ამ რეზოლუციას ფასი არ აქვს.

„წინა შემთხვევაში არც ევროკომისიას და არც ევროპულ საბჭოს არ გაუზიარებია შესაბამისი რეზოლუციები. ეს არის მესამე შემთხვევა. იმის გათვალისწინებით, რომ რეზოლუციაში გაკეთებული ჩანაწერები აბსურდულია, მას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს, ნულოვანი ფასი აქვს. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო აბსურდული ხდება ეს რეზოლუციები. თურმე სააკაშვილი ციხეში ყოფილა მძიმე მდგომარეობაში ივანიშვილის სიძულვილის გამო. სააკაშვილს ვინ შეეხვეწა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო?

როგორც თავად თქვა, ეს დაიგეგმა აგენტების მიერ. როცა რეზოლუცია აბსურდულია, მასზე კომენტარი არ ღირს. ევროპარლამენტმა ეს მესამედ გააკეთა, მესამე აბსურდული რეზოლუცია მიიღო, თუმცა არც ერთი წინა რეზოლუცია არ გაიზიარეს ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ. გადამწყვეტია სწორედ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პოზიცია. დარწმუნებული ვარ, ამას არც ერთი მათგანი ანგარიშს არ გაუწევს.

საქართველოს წინააღმდეგ გლობალური ინტერესია და ვინც ამ ინტერესს აკოორდინირებს, მათ სერიოზული გავლენა აქვთ ევროპულ სტრუქტურებზე, ევროპარლამენტზე. ასეთი რაღაცები მარტივად ლაგდება ხოლმე, მაგრამ ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ბიძინა ივანიშვილის კეთილდღეობა არაფერ შუაშია, მან თავად განაცხადა, რომ როცა სასწორზე დგას მისი პირადი კეთილდღეობა და ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ის ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა და მიანიჭებს ქვეყნის ინტერესებს, ეს არის მისი მკაფიო პოზიცია.

ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ევროინტეგრაცია და სამართლის უზენაესობა ერთმანეთთან არის კოლუზიაში, წინააღმდეგობაში, რასაც ვერ გავიზიარებთ. მადლობა ღმერთს, ამას არ იზიარებს არც ევროპარლამენტი და არც ევროპული საბჭო. ჩვენთვის ასეთი დილემა კატეგორიულად მიუღებელია – როცა ერთ მხარეს ვიღაც აყენებს ევროინტეგრაციას და მეორე მხარეს სამართლის უზენაესობას, ეს დილემა მიუღებელია, რადგან ჩვენთვის ევროკავშირს მაშინ აქვს ფასი, როცა ევროკავშირში დაცულია სამართლის უზენაესობა, დემოკრატია, თავისუფალი მედია და ასე შემდეგ. ასეთი ევროკავშირის წევრობა უნდა ჩვენს მოქალაქეებს. თუ ვიღაც გვეუბნება, რომ ევროინტეგრაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვცემს, თუ საქართველოში უარს ვიტყვით სამართლის უზენაესობაზე, დემოკრატიაზე, თავისუფალ მედიაზე და „ნაცმოძრაობას“ დავაბრუნებთ ხელისუფლებას, ეს მსჯელობა მიუღებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი