„ყალბი დღგ"-ის საქმე: გალიფ ოზთურქს და მის კომპანიებს ბიუჯეტისთვის ₾112 მილიონის გადახდა დაეკისრა

10 თებერვალი 2023, 15:50 704 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიზნესმენ გ.ო.-ს მიერ ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა.

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ბიზნესმენ გ.ო.-ს მიმართ მიმდინარე საქმის ფარგლებში დადგენილ იქნა, რომ გ.ო.-მ, 2019 წლის დეკემბერში, დაამზადა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებები 10 მილიონ ლარად ღირებული კომპანიის თითქოსდა 42 მილიონ ლარად შესყიდვის თაობაზე, რის შემდეგაც, იგივე ქონება, გაზრდილ ფასში - 82 მილიონ ლარად გაასხვისა მისივე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანიაზე, საიდანაც უკანონოდ მიღებული 33 მილიონი ლარით, შემდგომში დაფარა კომპანიის აქციების ღირებულება, რითაც შენიღბა და კანონიერი სახე მისცა მისივე კომპანიიდან მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს.

"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ იქნა ასობით საგამოძიებო მოქმედება, რევიზია და ექსპერტიზა, ასევე თურქეთის რესპუბლიკიდან, საქართველოში არსებული ყველა კომერციული ბანკიდან, ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან და სხვადასხვა ორგანიზაციიდან გამოთხოვილ იქნა საქმესთან კავშირში არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, შესწავლილ იქნა გ.ო.-ს ოფიციალური შემოსავალები და გაწეული ხარჯები, რის შედეგადაც ბიზნესმენ გ.ო.-ს და მასთან დაკავშირებულ 15 კომპანიას ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხათ დაახლოებით 112 მილიონი ლარი, საიდანაც ძირითადი გადასახადი აღემატება 69 მილიონ ლარს.

გ.ო. იმყოფება პატიმრობაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შენახვის ბრალდებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილებით. საქმეს ამჟამად არსებითად განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო.

გრძელდება ბიზნესმენ გ.ო.-ს და მასთან კავშირში მყოფი კომპანიების საქმიანობის კანონიერების შესწავლა, გადასახადისათვის თავის არიდების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის მიზნით"- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი