დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა

07 თებერვალი 2023, 14:39 596 ნახვა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 21 მაისს, თელავის რაიონის სოფელ აკურაში, ბრალდებულს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ორ მეზობელთან.

მათივე ცნობით, აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულების სახლში მივიდა და სანადირო თოფიდან ორივეს ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა მოხერხდა.

„ბრალდებულმა სროლის შედეგად, ასევე საფრთხე შეუქმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი ორი პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი