მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ძალიან დიდწილად არის პოლიტიკური მდგენელი, რაც ხელს გვიშლის ბევრი მიმართულებით - ნინო ნადირაძე

03 თებერვალი 2023, 14:18 765 ნახვა

ყოველდღიურად, დღეში რამდენიმეჯერ ვიღებ ინფორმაციას პაციენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ მასთან კონტაქტში მყოფი ყველა ექიმისგან. მათი ძირითადი გულისტკივილი არის ის, რომ ძალიან ხშირად პაციენტი ეჭვის ქვეშ აყენებს მათ მიერ მიცემულ დანიშნულებას, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით კლინიკის ექიმები მუდმივი წნეხის პირობებში იმყოფებიან.

"მთავარი არის ალბათ ის, რომ ამ პაციენტის მკურნალობაში ძალიან დიდწილად არის პოლიტიკური მდგენელი, რაც, რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის ძალიან ბევრი მიმართულებით. პირველი დღიდანვე არის წნეხი, პირველი დღიდანვე გვიცხადებენ უნდობლობას. ფაქტობრივად, ჩვენ მიერ გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, ჩვენ მიერ დასმულ დიაგნოზებს, გაწერილ სამკურნალო ღონისძიებებს თუ დიაგნოსტიკურ კვლევებს მუდმივ რეჟიმში უცხადებენ უნდობლობას. არა მხოლოდ უნდობლობა სიტყვიერად, ეს გამოიხატება შეურაცხყოფების კასკადით, ცალკეულ ექიმებზე ზეწოლით, რის გამოც მე მუდმივად მიჭირს სტაფის შერჩევა, მიწევს მათი ფინანსური წახალისება, მორალური დამშვიდება და ეს მუდმივად პრობლემად მაქვს. მე მიჩვეული ვარ ჩემზე ზეწოლას, ჩემს ბულინგს. ამას კარგად ვიტან შეძლებისდაგვარად, რადგან არ მაქვს უფლება, რომ ხელები ჩამოვუშვა, მაგრამ ჩემი ექიმები, რომელთაც ჰყავთ ოჯახები, ჩემი მედდები, რომელთაც ასევე ჰყავთ ოჯახები მუდმივი წნეხის პირობებში იმყოფებიან. მათ პირად შეტყობინებებში, უშუალოდ პირადადაც აყენებენ შეურაცხყოფას, არის მუქარები და ჩვენ ეს შეგვიძლია, წარმოვადგინოთ, თუ ამ მიმართულებით მივეცით საქმეს მსვლელობა“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ.

ნადირაძემ ასევე აღნიშნა, რომ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი შერჩევით იღებს პრეპარატებს.

„ყოველდღიურად, დღეში რამდენიმეჯერ ვიღებ ინფორმაციას პაციენტის შესახებ, მასთან კონტაქტში მყოფი ყველა ექიმისგან. მათი ძირითადი გულისტკივილი არის ის, რომ ძალიან ხშირად პაციენტი ეჭვის ქვეშ აყენებს მათ მიერ მიცემულ დანიშნულებას. რა თქმა უნდა, ის შერჩევით იღებს პრეპარატებს. ყველაზე დიდი პრობლემა რჩება კვების პრობლემა და კვებასთან დაკავშირებული სხვა სამკურნალო ღონისძიებების გატარება. მე პირადად, არც ერთხელ დამიშურებია და არც ერთხელ დამიხევია უკან. ხშირად ავდიოდი ბატონ მიხეილთან, როდესაც უკვე ექიმი ძალიან მთხოვდა, რომ ჩემს ნათქვამს ყურად არ იღებს, მისთვის ამიხსნია დეტალურად, თუ რამხელა რისკის ქვეშ აყენებს ის თავის ჯანმრთელობას, როდესაც ასეთი მცირე კალორაჟის საკვებს იღებს. გარდა მაგისა, როდესაც შესთავაზეს, უკვე პარენტერალურ კვებაზე დადგა საუბარი, ან სხვა კვებით დანამატებზე, რომელსაც ადრე იღებდა და დღეს კატეგორიულ უარს აცხადებს, ის ახსენებს სხვა ექიმებს, რომლებისაც მას უფრო სჯერა. ჩვენ ვიკითხეთ ვისზე იყო საუბარი, უცხოელ ექსპერტებზე?! არა, მან თქვა, რომ ქართველი ექიმები მას ეუბნებიან, რომ ეს კვებითი დანამატები და პარენტერალური კვება მისთვის ჯერ მიწოდებული არ არის, რაზეც ქალბატონმა, თამარ დავარაშვილმა მოსთხოვა, რომ ჩვენ არ გვქონდა პრობლემა, მათ დაეწერათ კონსულტაციის სახით და თავისი ხელმოწერით დაედასტურებინათ პარენტერული კვების მიზანშეუწონლობა და სხვა შენიშვნები მიეცათ“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

მისივე განმარტებით, ის საკვები რაც ყოფილ პრეზიდენტთან ყოველდღიურად მიაქვთ, მაგალითად, ნივრიანი პური, შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნიორი და სოკოს შილაფლავი, არაფერში წერია.

"მე პირადად, ვინც მე მგონია, რომ პაციენტის გულშემატკივრები არიან, არც მათთან ვიშურებ და ვიზარებ წერილობით თუ ზეპირი სახით, რომ დამეხმარონ, დაარწმუნონ პაციენტი, რომ მისთვის შესაბამისი კალორაჟის მიღება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი. მეტნაკლებ დახმარებას ვგრძნობდი, არ დავასახელებ ამ პიროვნებებს, ნამდვილად იყო მათგან მცდელობა, რომ დამხმარებოდნენ კვებითი რაციონის გაუმჯობესებაში, თუმცა ის საკვები, რაც მასთან ყოველდღიურად მოდის, მაგალითად, ნივრიანი პურის და შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნივრის რაღაც რაოდენობის მოტანა, მე არ ვიცი ეს რაში წერია. ვერ ვხვდები შილა ფლავის სოკოთი მოტანას, ეს რომელ გაიდლაინში წაიკითხეს. ჩვენმა ენდოკრინოლოგმა ჩაუშალა კალორაჟით, რომელი პროდუქტებია საჭირო, რა რაოდენობით არის საჭირო, ეს ყველაფერი მათ ძალიან ბევრჯერ აქვთ ახსნილი“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ.

ნინო ნადირაძემ სააკაშვილის კვების ნაწილში უპასუხა ადვოკატის შეკითხვას, რომელ ახალ წელს გულისხმობდა, როდესაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა კარგად ჭამა ახალ წელს“. ნადირაძის თქმით, ის 2023 წელს გულისხმობდა.

„საუბარი მაქვს „ვივამედზე“, როდესაც ის გაუმასპინძლდა ჩემ ექიმს, ექთანს, ჰქონდა საცივი, თუ არ ვცდები, ასევე „ოლივიე“, თუ არ ვიტყუები. გამახარა ჩემმა პერსონალმა, რომ გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო, ისინი ახალ წელს ერთად შეხვდნენ. გარდა ამისა, მამაოს შეჰქონდა ხოლმე ხანდახან ღვინო. იმის მერე ხაჭაპურიც უჭამია. ანუ ის მომენტი, რომ მას რაღაცის ჭამა არ შეუძლია ასე არ არის, მაგრამ მისი ფსიქოემოციური ფონი არის საკმაოდ დამძიმებული. მან იცის, რომ კარგად ყოფნით ის გარეთ ვერ მოხვდება. შესაბამისად, ის საკუთარ თავს და არც ექიმებს არ უწყობს ხელს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. მე ის ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა ეს საცივი, ამაზე სოფოსგან მაქვს დასტური. შემიძლია დაგიდასტუროთ“, - მიმართა ადვოკატს ნინო ნადირაძემ.

მისივე თქმით, „ვივამედის“ კარი ყოველთვის ღიაა ნებისმიერი კვალიფიციური გულშემატკივარი ექიმისთვის და ვერავინ იტყვის, რომ კლინიკამ ვინმეს აუკრძალა სამკურნალო პროცესში ჩახედვა.

„ჩვენი კლინიკის კარი ყოველთვის ღიაა ნებისმიერი კვალიფიციური გულშემატკივარი ექიმისთვის. ამას ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ვინმეს ავუკრძალეთ სამკურნალო პროცესში ჩახედვა, თუ მათგან იყვნენ ეს ადამიანები წარმოდგენილი. ან ხელი შევუშალეთ, პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვიყავით კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად. ყოველთვის იმედი მქონდა მათთან თანამშრომლობის. სამწუხაროდ, ჩასაფრებული პოზიციის და გაუმართლებელი კრიტიკის გარდა ჩვენ მათგან არაფერი მიგვიღია. ეს იყო ქედმაღალი, ზემოდან ყურებითი დამოკიდებულება, რომ ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ. დღესაც ვითხოვ მათგან, გაამყარონ თავიანთი ხელმოწერით თავიანთი ხელმოწერა და დაწერონ, რომ პაციენტს არ ესაჭიროება პარენტერალური კვება და სხვა დამხმარე ხელოვნური კვების საშუალებები“,- განაცხადა ნინო ნადირაძემ.

მისივე თქმით, მკურნალ ექიმს არცერთი ექსპერტი დალაპარაკებია და ერთადერთი, ამერიკელი პროფესორი ჯეიმს კობი იყო, რომელიც „ვივამედის“ დირექტორს, ზურაბ ჩხაიძეს შეხვდა.

„მე ვერ დამარწმუნებს ვერავინ, რომ თუნდაც ერთმა მათგანმა მას უთხრა, რომ უკეთ იკვებე ან ეს გააკეთე. პირიქით, სიხარულის ყიჟინა არის ყველა დაკლებულ გრამზე. სხვათა შორის, დღეს გამიხარდა, რომ ცოტა 200 გრამი ნამატი გვაქვს წონაში.

დაანებეთ ამ ადამიანის წამებას, მისი სუიციდის ხელშეწყობას თავი. არც ერთ თქვენგანს ერთი სიტყვა არ გითქვამთ „მიშა ჭამე!“. მას საცივიც უყვარს, ახალ წელს მშვენივრად მიირთვა, ხაჭაპურიც უყვარს, გემრიელი საკვებიც უყვარს და როდესაც ყოველ დღე შემოგაქვს ერთი ცალი მოხარშული კვერცხი, მაღაზიის სოკოს შილაფლავი, ცივი ნაცრისფერი მჭადი და 4 ცალი სალათის ფურცელი, შენ ამით დადებით შედეგს ვერ მიიღებ“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში