აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას არ გაუგზავნის F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას, აშშ-ის პრეზიდენტმა უარყოფითად უპასუხა.
მანამდე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამორიცხა უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა.
თვითმფრინავების მიწოდებას უკრაინის ლიდერები ითხოვენ, მას მერე, რაც გასულ კვირაში მიიღეს დაპირება, რომ გერმანია, აშშ და სხვა დასავლელი მოკავშირეები კიევს ტანკებს გაუგზავნიან.
ამასთან, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-მა უკრაინას „ბრედლის“ ქვეითთა საბრძოლო მანქანების პირველი პარტია გაუგზავნა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, „ბრედლის“ 60 ერთეული უკრაინისკენ სამხრეთ კაროლინის ჩრდილოეთ ჩარლსტონის სანაპიროდან გასულ კვირას გაემართა.