ირანის ქალაქ ისპაჰანში სამხედრო ობიექტზე თავდასხმა ისრაელმა განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისრაელმა ირანის თავდაცვის სამინისტროს კომპლექსი დაბომბა. ამერიკული გამოცემა წერს, რომ ისრაელისა და აშშ-ის ოფიციალური პირები ირანის ოპერაციებთან ბრძოლის ახალ გზებს განიხილავენ.
ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს მცირე ზომის უპილოტო თვითმფრინავები დაესხნენ თავს.
ერთ-ერთი საფრენი აპარატი საზენიტო სისტემამ ჩამოაგდო, დანარჩენი ორი კი სამხედროებმა ააფეთქეს. თავდასხმის შედეგად საწყობი დაზიანდა, თუმცა მსხვერპლის ან დაღუპულის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ტელეკომპანია „ალ-არაბიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისპაჰანში თავდასხმაში ამერიკული თვითმფრინავი მონაწილეობდა და მისი სამიზნე ბალისტიკური რაკეტების საწყობი იყო.