მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა - ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე

28 დეკემბერი 2022, 17:20 735 ნახვა

მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაიცემა-ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას იმის თაობაზე აპირებს თუ არაა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა  საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ  მას ემუქრებიან კარიერით.

მისივე თქმით, მიუღებელია ინსტიტუტზე და აღარ ვამბობ, ქალზე და პრეზიდენტზე, რაც ხდება დღეს - ზეწოლა, ბულინგი.

"ეს ბრიფინგი არ იყო დაგეგმილი, რამეთუ მე არაფერს ვაპირებდი, დღეს ყოველ შემთხვევაში და როცა გავიგე, რომ აქ ჩატარდებოდა აქცია, ჩემი გადაწყვეტილება იყო და ჩემი სურვილი, რომ ჩავსულიყავი იმ ადამიანებთან, რომლებთან ერთად არაერთი ბრძოლა და აქვე, არ ვსაუბრობ საარჩევნო ბრძოლებზე, არაერთი ბრძოლა გაგვივლია იმ შავ-ბნელ დღეებში, როცა ჩვენ ერთად ვებრძოდით დანაშაულებრივ და უსამართლო მიშა სააკაშვილის რეჟიმს. ამ ადამიანებისთვის ჩავედი მე და არა იმისთვის, რომ აქციის ზოგ-ზოგი მონაწილეები, არ ვიცი, ვისგან მართულნი, შემოვარდნილიყვნენ სასახლეში. ეს არ არის ფორმა და მე დარწმუნებული ვარ იმ ადამიანების, ვინც ამას სათავეში ედგნენ, მათი მიზანი ეს არ იყოს...

პირველ რიგში მე ვიტყვი, რომ ამ აქციას თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსები, რომლებიც ვრცელდებოდა ამ დღეებში და ეს იყო მიზანმიმართული იმისთვის, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურებიც არსად არ იყვნენ 2007 წელს. 2007 წელს ვამბობ იმიტომ, რომ ეს არის პერიოდი როცა უკვე ყველაფერი მომხდარი იყო და ყველაფერი ნათელი იყო. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით, თუ არ ვიცი რა ფორმით თვლიან, რომ შეიძლება დამემუქრონ, არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია. მე მაინტერესებს 2007 წლის მერე ეს ადამიანები სად იყვნენ.

 

მე გეტყვით - ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, ვიღაცა კიდევ სხვა თანამდებობებზე და არ მინდა პერსონალური გავხადო ეს ყველაფერი. არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან მაინტერესებს?! თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან იქით-აქეთ. მე ისიც მინდა ვთქვა, რომ აქ ძალიან ნათელი არის, რომ არის ერთობლივი თამაში რაღაც ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებულები არიან, მაგრამ რეალურად ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? მე მგონი სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის. არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ და საიდანაც ისინი ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას. ვის აწყობს? რატომ არ კითხულობთ ამას, სანამ ჩემთან მოვარდება აქცია...

 

ვის აწყობს? რატომ, არ ვკითხულობთ ამას? ვიდრე ჩემთან მოვარდება აქცია, აქციაზე მაქვს საუბარი, როცა ვამბობ მოვარდნას და არა ადამიანებზე, რომლებიც მოდიოდნენ, მოდიან და მოვლენ აქ. რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული, პირველ რიგში მიშას ჩამოყვანა, რას ერჩოდნენ, ან ერთნი როცა იმას აქეზებდნენ რომ ჩამობრძანდით და იქნება რევოლუცია, იქნება ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ. ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით, ქართულ ხასიათზე თამაშით, აბა, ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდი, ხომ არა ხარ ლაჩარი, ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ. უკვე ერთი წელია, ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული მიშას ირგვლივ კამათში დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ. ორივეს აწყობს, ერთ მხარეს, ალბათ იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს, მეორეს იმიტომ, რომ ამითი პასუხი აღარ აქვთ გასაცემი არც ერთ იმ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას. მე ამაში არ ვიცი, რა შუაში ვარ, მაგრამ მიუღებელია, ალბათ არ მიცნობენ, ამდენი წელი ვეღარ გამიცნეს...

 

მიუღებელია ინსტიტუტზე და აღარ ვამბობ, ქალზე და პრეზიდენტზე, რაც ხდება დღეს -ზეწოლა, ბულინგი. სხვათა შორის, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაცა უნდა გამოხატონ, შანტაჟი, პირდაპირ შანტაჟი, მუქარა, დამცირება. აგერ რუსული სოფელი არის ჩემს კარებთან და ნახეთ, რას ნიშნავს, როცა... არა მგონია, არც ერთ ქვეყანაში სხვაგან, არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ, მით უმეტეს, ამ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული, მაგრამ სხვადასხვა აზრები არის და სხვადასხვა გემოვნება.

მემუქრებიან რაღაცა კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაცა სხვა კარიერა მინდა, ავიწყდებათ რამდენი წლის ვარ. მაგრამ თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, ალბათ, იცის, რომ კარიერა დიდი ხანია იქ დავტოვე, რომ მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც ყველა ებრძვის რატომღაც, ვერავინ ხედავს, რომ ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა... "- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი