საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს რეზიდენციის ეზოდან მიმართა, სადაც ისინი, პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
"არ გეტყვით ვაპირებ თუ არა შეწყალებას, ძალიან მაინტერესებს, ჯერ მე მაქვს კითხვები - აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს ავრცელებენ, სად იყვნენ 2007 წელს, სად იყვნენ, როცა მომხდარი იყო მიშასდროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ? მე გეტყვით, სად იყვნენ, როცა ამ მესიჯბოქსებს ავრცელებს დღეს, ან იყვნენ მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებული სხვადასხვა თანამდებობაზე, ან იყვნენ „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, თურმე იციან, რას, როდის და რატომ გავაკეთებთ. მინდა გითხრათ, ვინ შეიწყალა მე შევიწყალე? მურუსიძე, ჩინჩალაძე, მე შევიწყალე? თუ მე დავაყენე, მე განვამწესე ისეთ ადგილებზე, ეს არ არის შეწყალება? ესენი არიან თავიანთ ადგილებზე სადაც არიან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის ამ განცხადებას აქციაზე ხმაური მოჰყვა, რის გამოც სალომე ზურაბიშვილმა შეწყვიტა სიტყვით გამოსვლა. 17:00 საათზე კი, პრეზიდენტის ბრიფინგი ჩაინიშნა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართვით, რომელიც მან აქციის მონაწილეების მიმართ გააკეთა, შეურაცხყოფილი დარჩნენ.
პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია სახელწოდებით „არ შეიწყალო კრიმინალი“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ სურთ, სალომე ზურაბიშვილს შეახსენონ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები.