ხმაურის ფონზე აბარებს კახა კალაძე საკრებულოს წევრებს წლიურ ანგარიშს. "კორუფცია კლავს" ეწერა ბანერს, რომელიც გაშლიდან რამდენიმე წამში ჩამოახსნევინეს აქტივისტებს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა. თუმცა ეს არ არის ერთადერთი პროტესტი, რომლის პარალელურადაც ტარდება სხდომა, რომელზეც დღეს ბიუჯეტიც უნდა დაამტკიცონ. აქცია გაიმართა საკრებულოს შენობასთანაც. აქტივისტებს ბანერებზე სხვადასხვა სლოგანი ეწერათ იმ პრობლემების ჩამონათვალით, რაც მათი აზრით, დედაქალაქს აწუხებს. ქალაქის მერმა ანგარიშის წარდგენამდე დეპუტატებს სთხოვა, წუთიერი დუმილით მიეგოთ პატივი ვაკის პარკის ახალრეაბილიტირებულ შადრევანში დაღუპული 13 წლის მოზარდის, მარიტა მეფარიშვილის ხსოვნისთვის. კალაძის თქმით, მარიტას წინაშე აქვთ ვალდებულება, რომ მსგავსი ტრაგედია არასდროს განმეორდეს.