თმის ღერით, სისხლის და/ან ფრჩხილის ნიმუშით მძიმე მეტალებზე კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა ჩაატაროს კვლევა ნებისმიერ არაორგანული და ორგანული ბუნების მატრიცაზე, - ამის შესახებ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადებაშია ნათქვამი.
„მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცხელ ხაზზე განხორციელდა მოქალაქის ზარი შეკითხვით: თმის ღერზე და ფრჩხილზე ტარდება თუ არა ტოქსიკოლოგიური შემოწმება? ბიუროს ცხელი ხაზის ოპერატორმა მოქალაქეს უპასუხა, რომ თმის ღერზე არ ტარდება, ტარდება შარდის ნიმუშზე.
სრული სიცხადისთვის გვინდა, განვმარტოთ, რომ შარდის ნიმუში ოპერატორის მიერ ნახსენები იყო ადამიანის ორგანიზმში ტოქსიკოლოგიური კვლევით ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველობის დადგენის მიზნით და არა მძიმე მეტალების ან სხვა ნივთიერებების კვლევის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ბიუროს ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველობის დადგენის მიზნით, როგორც წესი მოგვმართავენ სისხლის ან/და შარდის ნიმუშში აღნიშნული ნივთიერებების დადგენის მოთხოვნით, ბიუროს აქვს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ფრჩხილზე და თმის ღერზე ჩატარდეს ნარკოტიკული ნივთიერებების კვლევა.
რაც შეეხება საზოგადოებისთვის დიდი ინტერესის მქონე საკითხს: ორგანიზმში თმის ღერით, სისხლის და/ან ფრჩხილის ნიმუშით მძიმე მეტალებზე კვლევის ჩატარებას, ვაცხადებთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა ჩაატაროს კვლევა ნებისმიერ არაორგანული და ორგანული ბუნების მატრიცაზე.
ასევე, გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ბიუროს არ აქვს ეგრეთ წოდებული „ლიცენზია“ ამა თუ იმ კვლევის ჩასატარებლად. ბიურო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N255-ე დადგენილებით, რაც პირდაპირ განსაზღვრავს ბიუროს მიერ ექსპერტიზების ჩატარების უფლებამოსილებას და ყველა სხვა სახის ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი აკრედიტებულია ISO 17025:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად, რაც გულისხმობს ბიუროში და კონკრეტულად აღნიშნული მიმართულებით ჩატარებული კვლევების მაღალ სანდოობას“, - აცხადებენ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.