ექიმებისთვის მინიმალურ ანაზღაურებად 1260, ხოლო ექთნებისთვის - 792 ლარი განისაზღვრება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ხელფასის აღნიშნული ოდენობა მინიმალური ზღვარია და არა ფიქსირებული.
„ექიმებისა და ექთნების დიდი რაოდენობა გვყავს, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებდნენ. ჩვენ, რამდენიმე თვის განმავლობაში, ამას სახელმწიფო კლინიკებში საპილოტე პროექტადაც ვამუშავებდით. ასევე, მიდიოდა პროცესზე დაკვირვება და ვფიქრობთ, რომ სამედიცინო სერვისებზე გადახდით, რასაც სახელმწიფო ანაზღაურებს საყოველთაო ჯანდაცვიდან, მიზანშეწონილია, განისაზღვროს ექიმებისა და ექთნებისთვის ყოველთვიური ხელფასის მინიმალური ოდენობა.
ეს არის მინიმალური ოდენობა და არ არის ეს ხელფასის დაფიქსირება. ამაზე მაღალი ხელფასის განსაზღვრა შეუძლიათ. ექთნების შემთხვევაში, ეს არის დარიცხული 792 ლარი, ექიმების შემთხვევაში კი დარიცხული 1260 ლარი. იყო სპეკულირება, რომ განვსაზღვრეთ ფიქსირებული ხელფასები და ეს არის დაბალი იმ შრომასთან, რასაც ექიმები და ექთნები ეწევიან. რასაკვირველია, ეს დაბალია, თუმცა არის მინიმალური და არა ფიქსირებული“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.