შენობიდან მოსახლეობა სრულადაა ევაკუირებული, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური - არჩილ ჩიქოვანი

19 დეკემბერი 2022, 01:42 3074 ნახვა

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ე.წ. "ვოქსის" კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განხორციელდა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოსახლეობის გადამოწმება ახლობლებთან, ნათესავებთან და შესაბამის  პირებთან.

​ქალაქის მერის განმარტებით, ყველა შესაბამისი ტექნიკური რესურსი რაც ქალაქს გააჩნია  სრულად არის  ჩართული სამაშველო ღონისძიებაში.

"ყველა შესაბამისი სამსახური სრულადაა მობილიზებული, სახანძრო-სამაშველო სამსახური, საპოლიციო ძალები. რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობა სრულადაა ევაკუირებული. ამ დროისთვის, მიმდინარეობს კორპუსში მცხოვრები ადამიანების გადამოწმება ახლობლებთან, ნათესავებთან და შესაბამის  პირებთან. ყველა შესაბამისი ტექნიკური რესურსი, რაც ქალაქს გააჩნია,  სრულად არის  ჩართული სამაშველო ღონისძიებაში.

ინფორმაციას სამაშველო ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ, დამატებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი სამსახურები გაავრცელებენ. ამ ეტაპისთვის, რაც მნიშნელოვანია, ღამის ხილვადობისა და ქარის გამო, სამაშველო სამუშაოები გარემო-პირობების შესაბამისად მიმდინარეობს.

პერიმეტრის დაცვა და შენობის ევაკუაცია იყო თანხმვედრ რეჟმში პოლიციასა და საპატრულოსთან ერთად. ამ დროისთვის, რაც ჩვენ გვაქვს ინფრომაცია, სრულადაა ევაკუირებული არსებული კორპუსი და ის კორპუსები სადაც შეიძლება საფრთხე იყოს. ელექტროენერგიის მიწოდება რიგ  კორპუსებში შეზღუდულია და ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება.

ამ ეტაპზე, დამატებით ინფრომაციას ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე არ ვფლობ. შესაბამისი სამსახურები მოკვლევისა და პირველადი დასკვნების შედეგად გააკეთებენ განცხადებებს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვისაც საფრთხე ემუქრებოდა"- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ე.წ. "ვოქსის" კოპრუსში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. შენობიდან ცვივა ცეცხლმოკიდებული სამშენებლო მასალები.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ბოლო სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა და მოგვიანებით გავრცელდა. თუმცა რესტორანში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და არ ფუნქციონირებდა.

ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. 

აჭარის მაუწყებელი ინფორმაციას აზუსტებს და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი