მედიის წარმომადგენლებისთვის დაწესდება რეგულაციები, დიდ დღესასწაულებზე კი აკრედიტაციის გავლა იქნება საჭირო - ანდრია ჯაღმაიძე

28 ოქტომბერი 2022, 15:49 531 ნახვა

საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციები დაწესდება, ამასთან, დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის გავლა იქნება საჭირო - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"14 ოქტომბერს ხმაური იყო სვეტიცხოვლის ეზოში. თქვენ ნახეთ კადრები, როგორ მივედით, რა უძღოდა ამას წინ. რამდენიმე მაგალითი გაჩვენეთ და სრულიად საკმარისია, გავიხსენოთ მარტვილის რეზიდენციაში შეჭრა, შემდეგ მცდელობა, თითქოს ეკლესიისთვის დაებრალებინათ, რომ მღვდლებმა გადმოყარეს ჟურნალისტები. ასევე მარტვილის ტაძარში ჩაშლილი მსახურება; კიკეთში მოვარდნა მსახურების წინ, იქ მონაზვნებთან თითქმის სახლში შევარდნა, შტურმი კარებთან. მივედით იქამდე, რომ სვეტიცხოვლობა დღეს, ტაძრის ეზოში, როდესაც წირვა აღასრულა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მისი აღსაყდრებისა და დაბადების დღის მოახლოებული საიუბილეო თარიღების წინ, ერთ-ერთი ტელევიზიიის ჟურნალისტი სასულიერო პირებს ბანდიტებს უწოდებს. ცალკე სათქმელია, რომ ტელევიზიების ნაწილს, სვეტიცხოვლობა, როგორც საზეიმო მოვლენა, არც კი გაუშუქებიათ. მთლიანი ორიენტირი მიმართული იყო ეკლესიისა და დღესასწაულის დაკნინების კუთხით, რომლის ფარგლებშიც, აქტიურად წამოიწია სვეტიცხოვლობის წინა დღეს მოგონილი, პატრიარქის გადადგომის მოლოდინის სკანდალის საკითხი. სამწუხაროდ, დროდადრო ამ თემის სხვადასხვა ფორმით რეინკარნაცია ტელევიზიებისთვის ყურადღების მიქცევის ერთ-ერთ საშუალებად იქცა. თითქმის ყოველ წელს ხდება ხოლმე, ვიღაც იტყვის მონაჭორს, რაზეც მთელი კვირა ფიქრობს ერი.

ცალკე აღსანიშნავია, რომ საპატრიარქო პატივს სცემს ნებისმიერ ჟურნალისტს, მედიასაშუალებას და მათ საქმიანობას. შესაბამისად, საპატრიარქომ გამოყო ცალკე სივრცე, სადაც შეეძლოთ ჟურნალისტებს, ყველა მედიასაშუალებას, რომ დაეკავებინათ მათთვის განკუთვნილი ადგილი. მიუხედავად ამისა, სვეტიცხოვლობა დღეს, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა უარი განაცხადეს, დაეკავებინათ მათთვის გამოყოფილი სივრცე. გალია უწოდეს, თითქოს სხვა უწყებებში სხვანაირი ბარიერები არსებობს. 

შესაბამისად, ჟურნალისტური საქმიანობა შეიძლება, განხორციელდეს იმ აუცილებლობის მიხედვით, რაც შეუფერხებელ საღმრთო მსახურებასა და მსახურებისთვის აუცილებელი გარემოს შექმნას გულისხმობს. ყოველივე ზემოთქმულიდან და ასევე გამომდინარე იქიდან, რომ მედიასაშუალებათა ზოგიერთი წარმომადგენელი არ იზიარებს საპატრიარქოს მიდგომას, შესაბამისად, არ იცავს წესრიგს, რომელიც ეფუძნება კანონს, მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს. როგორც მოგეხსენებათ, საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი, მითუმეტეს, თუ აღნიშნული წესი ეხება საკითხის მოწესრიგებას. საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე. თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღმრთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად. გარდა იმისა, რომ ტაძრის შინაგანაწესის დაცვით აუცილებელია ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რიგ შემთხვევებში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას გააკონტროლოს დასწრების საკითხი“,- აღნიშნავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი