საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“,საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სხვადასხვა სახის საქონლის შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, აზერბაიჯანის მოქალაქემ, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისგან მალულად, 15 762 ლარის ღირებულების 12 დასახელების მედიკამენტი გადმოიტანა, ხოლო მეორე შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქემ, თურქეთის რესპუბლიკიდან, მალულად დაახლოებით, 56 000 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.