დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება - ირაკლი ღარიბაშვილი

24 ოქტომბერი 2022, 14:14 647 ნახვა

ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის დღის წესრიგიდან გამომდინარე, თქვენს ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი ღვაწლი განუზომელია აზერბაიჯანისა და საქართველოს დაახლოებაში და ჩვენი მეგობრობისა და ძმობის განმტკიცებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის მართლაც უნიკალური ურთიერთობა და მეგობრობა არსებობს. ეს ურთიერთობები ეფუძნება მჭიდრო ისტორიულ კავშირებს, ურთიერთპატივისცემას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არსებული მაღალი დონის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხისა და ქვეყნების საკეთილდღეოდ.

დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას და თანამშრომლობას. ასევე მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, მიმდინარე პროცესები. ბუნებრივია, შევეხეთ რეგიონში არსებულ ვითარებას და ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით. ასევე მინდა ვთქვა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, რომელიც არის საკვანძო მოცემულობა ჩვენი რეგიონის და ზოგადად, ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყების თაობაზე. ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდ იმედს გვაძლევს. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ და წამოვიწყეთ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს, პირიქით, ეს დაეხმარება და მჯერა, რომ ჩვენ ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი