თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინეს

24 ოქტომბერი 2022, 13:10 1049 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ, კახეთში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ბრალდებულებმა ინდივიდუალური განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების დარეგისტრირება მოითხოვეს. სარეგისტრაციო წარმოებისას, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, თანასოფლელების სასარგებლოდ, ყალბი ინფორმაცია მიაწოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს. ასევე, განმცხადებელმა პირებმა, ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების მიზნით, ერთმანეთის სასარგებლოდ იცრუეს და დაადასტურეს, თითქოსდა 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით, მომიჯნავედ, ფლობდნენ უძრავ ქონებას. მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, 122,700 ლარად ღირებულ 79232 კვ.მ. უძრავ ქონებას.

პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენელს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით), ხოლო მის თანასოფლელებს - 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით), 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობაში დახმარება) წარედგინათ“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულები გამოძიებასთან თანამშრომლობენ და ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი