პარლამენტის კომიტეტებში მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. პროექტით დაგეგმილია ეკონომიკის 5%-იანი ზრდა. მომავალ წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 24.3 მილიარდი ლარი იქნება, რაც მთავრობის ინფორმაციით, საშუალებას იძლევა, ქვეყანამ ყველა ძირითადი მიმართულებით არსებულ გამოწვევებს უპასუხოს.
პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასი 20%-ით გაიზრდება, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების განსახორციელებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 770 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიების ზრდაც.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290 მლნ ლარზე მეტით. მასწავლებლების და მანდატურის ხელფასები 125 ლარით გაიზრდება.
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 6 მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული.