12 რეკომენდაციაზე მომუშავე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

21 სექტემბერი 2022, 13:03 846 ნახვა

კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციაზე მომუშავე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას ხელს აწერენ „სტრატეგია-აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „რესპუბლიკური პარტია“, თამარ ჩარკვიანი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თამარ კორძაია და ნატო ჩხეიძე.

დეპუტატების განცხადებით, მათ შეიმუშავეს საერთო საკანონმდებლო ინიციატივებისა და ცვლილებების ბაზისური პაკეტი.

"საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებისთვის საპარლამენტო ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით და თანამშრომლობით, შევიმუშავეთ საერთო საკანონმდებლო ინიციატივებისა და ცვლილებების ბაზისური პაკეტი. ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გარდატეხისა და ძირეული რეფორმებისთვის საჭიროა უფრო სიღრმისეული ცვლილებები რაც ასევე იქნა მომზადებული ჩვენს მიერ 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის შექმნილ სამუშაო ფორმატში. თუმცა, 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის, ხელისუფლებას ვთავაზობთ არა ყველა იმ პროექტს, რომელიც შევიმუშავეთ ჩვენს სამუშაო ფორმატში არამედ, იმ ბაზისურ მიდგომებს, რომელიც შეჯერებულია არასამთავრობო სექტორის ხედვებთან და რეალისტურია დარჩენილ მოკლე ვადაში შესასრულებლად.

პრინციპულად მიგვაჩნია დეპოლარაზაციის მიმართულებით 19 აპრილის შეთანხმებაში (შარლ მიშელის დოკუმენტი) დაბრუნება და შესრულება, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით მიღება, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების დასრულება. ასევე, პრინციპულია საარჩევნო კოდექსის ცვლილება 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით განსაზღვრული ჩარჩოს მიხედვით.

სასამართლოს მიმართულებით ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმის ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სათანადო კვალიფიკაციის და რეპუტაციის წევრების არჩევა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის დაწყება, გასული წლის ბოლოს პარლამენტის მიერ მიღებული დამაზიანებელი რეგულაციების გაუქმება და სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობა.

კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით დაინიცირებულია ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. ხოლო მედია მიმართულებით – 5-6 ივლისის საქმის ეფექტური გამოძიება, მედია საშუალებების მიმართ მიმდინარე გამოძიებების და სასამართლო პროცესების შეწყვეტა, ალტერნატიული წინადადების წარდგენა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით.

შესაბამისად, თუ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს რეალურად სურთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, ლოგიკურია გაიზიარონ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცვლილებების მინიმალისტური და კომპრომისული ვარიანტი და არ შეუქმნან საფრთხე ქვეყნისთვის კანდიდატი სტატუსის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტატუსის არმიღების სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი ამ ნაბიჯით ერთ მხარეს რჩება ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატიული ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები, ხოლო მეორე მხარეს – „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. ვთვლით, რომ ევროკავშირის სტატუსის მიღება და შემდგომში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „რესპუბლიკური პარტია“, თამარ ჩარკვიანი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თამარ კორძაია, ნატო ჩხეიძე.

ამასთან, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის მიერ გამოქვეყნებულ და შემუშავებულ ბაზისურ პაკეტში აღნიშნულია:

"1. პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაჭრა პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით.

2. უზრუნველყოფილ იქნას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი მუშაობა, გაძლიერდეს მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო, აღმოიფხვრას ყველა ხარვეზი, რომელიც ამ პროცესების დროს ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭომ/ვენეციის კომისიამ გამოავლინა.

3. მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს; უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება; სახელდობრ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოში და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა ნომინირების ყველა დონეზე, ასევე გენერალური პროკურორის შემთხვევაში; გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით.

4. გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტი-კორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით კი,საგულდაგულოდ გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები; აღჭურვოს ახლადდაარსებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო იმ რესურსებით, რომლებიც მათ მანდატს შეესაბამება და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

5. „დეოლიგარქიზაციის“ პირობისადმი ერთგულება, რაც უნდა მიღწეული იქნას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრისსაშუალებით.

6. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, რაც უნდა დაეფუძნოს საფრთხის დეტალურ შეფასებებს, კერძოდ, საგულდაგულო გამოძიებების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების სანდო გამოცდილების უზრუნველყოფის გზით; სამართალდამცველი უწყებების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა უნდა იყოს გარანტირებული.

7. უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე.

8. სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით.

9. გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ.

10. უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე.

11. მიღებული იქნეს კანონი, რომლის თანახმადაც, ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში.

12. უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ; დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა“, - აღნიშნულია საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის მიერ შემუშავებულ ბაზისურ პაკეტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი