ე.წ. კარტოგრაფების საქმე განახლდა

15 სექტემბერი 2022, 17:34 860 ნახვა

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესზე დავით გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი გიორგი ჭიღლაძე დაიკითხა. როგორც ბერმა აღნიშნა, 2004 წლიდან ცხოვრობს გარეჯის მონასტერში, იმ დროს ჩიჩხიტურის მონასტერსა და ბერთუბნის მონასტერში შესვლაზე პრობლემა არ ექმნებოდათ, შედიოდნენ ქართველი სასულიერო პირები და მომლოცველები. მისივე განმარტებით, პრობლემა 2005 წლიდან დაიწყო, როდესაც ჩიჩხიტურის მონასტრის რეაბილიტაცია გადაწყვიტეს, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა განუცხადეს, რომ მათი ტერიტორია იყო და მდგომარეობა გართულდა. მოწმის თქმით, 2006 წელს ჩიჩხიტურის მონასტერთან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა პირველი ბაზა გახსნეს. 2006-2007 წლებში პრობლემა შეიქმნა ბერთუბნის მონასტერთან დაკავშირებითაც, რომელიც, ბერის თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაიკავეს. როგორც გიორგი ჭიღლაძემ განაცხადა, მაშინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საქმის კურსში ჩააყენეს და მესაზღვრეები გააგზავნინეს. მოწმემ ივერი მელაშვილთან შეხვედრებიც გაიხსენა. როგორც ჭიღლაძემ აღნიშნა, მელაშვილმა მათ განუმარტა, რომ რუკების მიხედვით, ჩიჩხიტურის მონასტრის ერთი მხარე აზერბაიჯანის მხარეს იყო. მოწმემ ასევე გაიხსენა მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები გამართეს და შეთანხმდნენ, რომ მონასტერი საქართველოს, სტრატეგიული სიმაღლეები კი აზერბაიჯანს ექნება. ჭიღლაძემ ასევე გაიხსენა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც საბჭოთა დროიდან მოყოლებული გარეჯის კომპლექსის მონასტერი აზერბაიჯანის მხარესაა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი