პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის პროცედურებთან დაკავშირებით ცვლილებებს მხარი დაუჭირა

07 სექტემბერი 2022, 16:02 589 ნახვა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 88-ხმით რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა და არჩევა ახალი წესითა და პროცედურით მოხდება.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, კენჭისყრის პროცედურის დროს, პლენარულ სხდომას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ 19 წევრი ესწრებოდა, რომელთაგან 6-მა ინიცირებულ პროექტს ხმა მისცა. რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი „ლელოს“ დეპუტატებმა და პარლამენტის ექვსმა უფრაქციო წევრმა დაუჭირეს.

პროექტით, 2022 წელს პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატურები პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინება და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით სპეციალური შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნა განისაზღვრება, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო საზოგადოების – მათ შორის აკადემიური და პროფესიული წრეების ჩართულობა. იგეგმება შეფასების სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განსაზღვრა ცხრა წევრით. პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენამდე კანდიდატურები სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ ისეთი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდებიან, როგორიცაა – კეთილსინდისიერება, მაღალი რეპუტაცია, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, სათანადო პროფესიული ცოდნა (კვალიფიკაცია, აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო მიღწევები და სხვა), პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში.

სამუშაო ჯგუფის მიერ კანდიდატთა შეფასების შემდეგ, პარლამენტის რეგლამენტით სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტებს – ფრაქციებს და პოლიტიკურ ჯგუფებს შესაძლებლობა ექნება პარლამენტს კანდიდატები იმ პირთაგან წარუდგინონ, ვინც პარლამენტს შეფასების პროცესში მონაწილეობის მისაღებად მიმართავს. განისაზღვრება, რომ წარდგენილი კანდიდატების საერთო რაოდენობა 7-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა დეკემბრის დასაწყისში ეწურება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი