15 აგვისტოდან სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა იცვლება

03 აგვისტო 2022, 13:45 1335 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე ვადა 4-დან 3 წლამდე შეამცირა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება. ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სამომხმარებლო სესხზე გაზრდილი მოთხოვნის გამო მიიღეს.

“სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, გამოვიყენოთ მაკროპრუდენციული ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი არის 4 წლიდან 3 წლამდე შემცირება. როგორც მოგეხსენებათ, 2019 წელს ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ამოქმედდა, რამაც შეაჩერა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური რისკები და ამავე დროს ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას.

მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება. ამ ცვლილების გაანალიზების და საბანკო სექტორთან განხილვის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება ვადის 3 წლამდე შემცირების შესახებ. ეს ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში,” - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი