მალხაზ მაჩალიკაშვილმა იმედის ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

05 თებერვალი 2020, 13:33 1277 ნახვა

პარლამენტის წინ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა იმედის ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მაჩალიკაშვილის თქმით, ის არ მისცემს ინტერვიუს სხვა ჟურნალისტებს მანამდე, ვიდრე ამ უსირცხვილო (იგულისხმება "იმედი") არხის წარმომადგენელი იმყოფება მათთან ერთად.  „რამდენად სიბინძურეა მედიები, „იმედი“ და „იმედთან“ დაკავშირებული ყველა და დღევანდელი ხელისუფლება. პირდაპირ ამის მერე ჩატაევს მიკავშირებენ მე. ამ სიმართლით ვცხოვრობთ დღეს და ამ სიმართლით ეცხოვროს მთელ „ქართულ ოცნებას“. რასაც მე გავდივარ, ეს ცხოვრება გაევლოს „ქართული ოცნების“ მოდგმას და „იმედის“ რეპორტიორებსა და წარმომადგენლებს“, – თქვა მაჩალიკაშვილმა.

 შემდეგ კი ჟურნალისტს უთხრა, რომ "მოაშორეთ ეს ტელევიზია, ახლავე, შევატენ მაგ მიკროფონს სადღაც". 


მალხაზ მაჩალიკაშვილი მეორე წელია პარლამენტის შენობასთან შვილის მკვლელობის გამოძიებას და  შვილის მკვლელის დასჯას ითხოვს.  მისი კარავი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ იდგა თბილისის მერიამ აიღო, ჯერ წინასაახალწლო ატრაქციონების დადგა, შემდეგ კი ტერიტორია შემოღობა, რადგან იქ რეკონსტრუქცია დაანონსა. 

25 იანვარს პროკურატურამ თემილან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე, სადაც სპეცრაზმელის მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს იძიებდნენ, გამოძიება შეწყდა. 

პროკურატურა ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება ინტენსიური გამოძიების შედეგად მიიღეს. ამტკიცებენ, რომ სპეცოპერაციისას სამართალდამცველებს შეცდომა არ დაუშვიათ და თავს იცავდნენ. მათი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილს ჰქონდა ხელყუმბარა, რომელიც რეალურ საფრთხეს ქმნიდა. მოკლულ ახალგაზრდას ტერორისტებისთვის დახმარებას ედავებოდნენ. ამ საქმეზე სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშია შეტანილი. ცნობისთვის, სპეცოპერაციისას სუს-ის მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი იყო. იგი დღეს მაჩალიკაშვილისგან პარალელს ტერორისტულ ორგანიზაცია  ISIS-სთან ავლებს, ISIS-ის უკან კი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხედავს.

"თემირლანის საქმეზე გამოძიება არც ყოფილა, ეს იყო ფორმალობა" - ასე გამოეხმაურა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პროკურატურის მიერ გამოძიების შეწყვეტას. მისი ინტერესების დამცველ ორგანიზაციაში კი ამბობენ, რომ გამოძიება მაშინ შეწყდა, როდესაც ახალ საგამოძიებო მოქმედებებს ითხოვდნენ. „თემირლანს ბრალდებულის სტატუსიც კი არ მისცეს, თავიც კი არ დააცვევინეს და საბოლოოდ ოჯახის წევრებს მტკიცებულებებიც კი არ აჩვენეს“ - ამბობს თამთა მიქელაძე. 

მაჩალიკაშილების ოჯახი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ითხოვს.  ხელისუფლება კი, თავის მხრივ მალხაზ მაჩალიკავილს ტერორისტული აქტის მომზადებას ედავებოდა და საქმე ძიებაშია. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში